როგორ შევადგინოთ ბალანსის ბორბალი?
არც თუ ისე დიდი ხნის წინ ცხოვრების ბალანსის ბორბალი ქოუჩინგის პროფესიონალურ სფეროს ინსტრუმენტად ითვლებოდა. თუმცა, ინსტრუმენტი იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ მალე გავრცელდა ინტერნეტით და შეიძლება ვთქვათ, რომ საყოველთაო კუთვნილების ინსტრუმენტადაც იქცა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი ბლოგის ეს სივრცე ამ ტექნიკას დავუთმო და გაგიზიაროთ მისი გამოყენების არეალი.
ტექნიკის არსი ძალიან მარტივია და ემყარება ვიზუალურ წარმოდგენას - "ეს იყო" - "ის გახდა" და ზრდის ზონების ხედვაზეა ორიენტირებული. ტექნიკურად, ეს ინსტუმენტი მარტივია და ამის გაკეთება სპეციალური პროგრამებისა და კონსტრუქტორების გარეშეც შეიძლება. ალბათ სწორედ ამიტომ გავრცელდა ეს ტექნიკა ასე სწრაფად. პირადად მე ამ ტექნიკას და მის სხვადასხვა ვარიაციებს, როგორც ჩემი პიროვნული განვითარების, ასევე ბიზნეს აქტივობების დასამუშავებლად ვიყენებ. თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით. მთავარი რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, არის ის რომ სასურველია აღნიშნულ ტექნიკა ფურცელზე გააკეთოთ, ასე ვთქვათ, „ხელით იმუშაოთ“.
ტექნიკის კლასიკური ფორმა ასეთია: დახატეთ წრე, დაყავით ის 8 თანაბარ დანაყოფად. (ბალანსის ბორბალის ნიმუში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ). ყოველი დანაყოფი აღნიშნავს ცხოვრების მნიშვნელოვან სფეროს:
1. თვითგანვითარება;
2. ჯანმრთელობა;
3. ოჯახი;
4. ფინასები/ფული;
5. კარიერა;
6. მეგობრები;
7. შემოქმედებითობა;
8. დასვენება;
აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ამ სფეროების ფორმულირება შესაძლებელია იყოს იმ დასახელებით, რომელიც თქვენთვის უფრო მისაღებია. არ არსებობს ცხოვრებისეული სფეროების ზუსტი სახელწოდება. ცხოვრების სფეროების მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად, ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც კონცენტრირებულები ვართ ერთ კონკრეტულ სფეროზე, გვავიწყდება სხვა სფეროები. მაგალითად კარიერაზე ორიენტირებისას, ზოგჯერ გვავიწყდება მეგობრები ან დასვენება.
ამ ტექნიკას ბალანსის ბორბალი იმიტომაც ეწოდება, რომ თუ ჩვენ დაბლანსებული, ბედნიერი და წარმატებული ცხოვრებით გვინდა ცხოვრება, მნიშვნელოვანია ცხოვრების სფეროებიც მაქსიმალურად დაბალანსებული გვქონდეს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ბედნიერების და წარმატების შეგრძნებას ვერ მოვიპოვებთ. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ რაც უფრო სწორია ჩვენი ბორბალი, მით უფრო სწრაფად და მარტივად ვაღწევთ ჩვენს მიზნებს.
დავუბრუნდეთ ბალანსის ბორბალს. თითოეული სფერო/სექტორი იყოფა სკალით 1-დან 10მდე. 1 მოთავსებულია წრის ცენტრში და 10 კიდესთან ახლოს.
შემდეგი ამოცანა საკმაოდ მარტივია: ცხოვრების თითოეული სფერო უნდა შევაფასოთ 1-დან 10მდე, სადაც 10 საუკეთესო მდგომარეობაა და 1 კი ყველაზე ცუდი მდგომარეობა. ბალანსის ბორბალის შესრულებისას სასურველია შკალის ის ციფრი ავირჩიოთ, რომელიც პირველი მოგვივიდა თავში. ამის შემდგომ, სასურველია ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული ინდიკატორები თუ რის საფუძველზე ვთვლით, რომ ჩვენი ცხოვრების კონრეტული სფერო ამა თუ იმ ციფრს შეესაბამება.
როგორ ვიმუშაოთ ცხოვრების ბალანსის ბორბალთან?
თუ თქვენ პირველად იყენებთ ბალანსის ბორბლის ტექნიკას, პირველი მიღებული შედეგი შესაძლოა დიდად არ მოგეწონოთ - მკვეთრი კუთხეები, ჩავარდნები, ერთიანები და ორიანები. არ დაგავიწყდეთ ბალანსის ბორბლის შევსების თარიღის აღნიშვნა. ეს დაგეხმარებათ დაინახოთ დინამიკა.
ბალანსის ბორბალის შევსების შემდეგ, შეარჩიეთ ყველაზე სუსტი სფეროები და ჩამოწერეთ თქვენი აზრით რა უნდა გააკეთოთ, რათა აღნიშნული სფერო 1, 2 ან 3 პუნქტით გააუმჯობესოთ. შეგახსენებთ, რომ მილიონი დოლარის შეგროვება ერთი დოლარიდან იწყება J, ამიტომ ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს მწვერვალების დაპყობას პირველივე ჯერზე.
ბალანსის ბორბლის ტექნიკასთან მუშაობის ეტაპები:
1. შეავსეთ ბორბალი საკუთარი სფეროებით;
2. შკალაზე მონიშნეთ თითოეული სფეროს მიმდინარე მდგომარეობა (1დან 10მდე);
3. დაათარიღეთ;
4. ჩამოაყალიბეთ სფეროების განვითარების გეგმა. ასევე რა მექანიზმებით აპირებთ განვითარების მიღწევას;
5. დროში გაწერეთ ჩვევების/ქმედებების კორექტირების ვადები;
6. შეადარეთ პირველი ბალანსის ბორბალი ახლანდელ ბორბალს და დააფიქსირეთ დინამიკა;
შეცდომები, რომლებსაც მივყავართ იმედგაცრუებასა და ინტერესის დაკარგვისაკენ:
1. სწრაფი შედეგების წყურვილი: ნებისმიერი ფსიქოლოგიური ცვლილება უნდა განმტკიცდეს, ამას კი დრო ესაჭიროება. ასევე აღვნიშნავ, რომ ერთჯერადი გაუმჯობესებით, ცხოვრების ბალანსის ბორბლის სფერო მთლიანად 10-ზე არ გადავა.
2. თუ ამ ტექნიკას გამოიყენებთ ერთჯერადად: დახაზავთ წრეს, შეავსებთ და დაივიწყებთ. ამ ინსტრუმენტის გამოყენების მნიშვნელოვანი პირობაა ეტაპების შემოწმება და თქვენი ზრდის, განვითარების აღნიშვნა.
ითვლება, რომ ცვლილებების დანახვა შესაძლებელია 3 თვის შემდეგ, ხოლო რთული ცხოვრებისეული ამოცანების და მიზნების მისაღწევას შესაძლოა 1 წელიც დასჭირდეს. თუმცა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და არ არსებობს ზუსტი დრო ვის რა ვადაში შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევა.
ახლა სასიამოვნო რამესაც გაგიმხელთ, რთული სფეროები (კარიერა, ფინანსები) შესაძლოა ყოველგვარი ძალისხმევის და მათზე მუშაობის გარეშე გაუმჯობესდეს სხვა სფეროებზე მუშაობის შედეგად. მაგალითად, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანი ამუშავებდა ცხოვრებისეულ სფეროებს როგორიცაა ოჯახი, დასვენება, მეგობრები, ურთიერთობები და უეცრად გამოუჩნდა სამსახური ან დააწინაურეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ადამიანი თუნდაც ერთი ცხოვრების სფეროს განვითარებაზე იწყებს მუშაობას, მისი სხვა სფეროებიც თავისით იწყებს ცვლილება/განვითარებას. ეს იმას არ მიშნავს, რომ ერთი სფეროს განვითარებით შესაძლოა ცხოვრების ბალანის მიღწევა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ყოველი შემდგომი სფეროს განვითარება უფრო მარტივი ხდება, რადგანაც ადამიანს უკვე გარკვეული გამოცდილება გააჩნია სფეროს განვითარების და მიზნის ეფექტურად მიღწევის გზების შესახებ.
როგორ გამოვიყენოთ ცხოვრების ბალანსის ბორბალი სწორად?
ბალანსის ბორბლის შევსება ნახევარი საქმეა, ანუ, მხოლოდ დასაწყისი. ეს ტექნიკა მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი თვალყურს ადევნებს მის დინამიკას. აკორექტირებს სფეროებს და ამით არეგულირებს ბალანსის ბორბალს.
იმისათვის, რომ ამ ინსტრუმენტმა იმუშაოს და წარმატების ნაყოფი გამოიღოს, საჭიროა 3 რამ (გარდა ბალანსის ბორბლის შევსებისა):
1. თითოეული სფეროს განვითარების სამოქმედო გეგმა;
2. მიღწევის თარიღი;
3. შედეგების მონიტორინგი;
ბალანსის ბორბალთან მუშაობა არ არის სწრაფი სამუშაო. მასში მრავალი სფეროა და საჭიროა ბევრი მუშაობა საკუთარ სააზროვნო სისტემასთან. იმისათვის, რომ უფრო ადვილად დაიწყოთ ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესი, რეკომენდებულია დაწყება თქვენთვის ყველაზე მარტივი სფეროდან.
პირველი გაუმჯობესებული სფერო ყველასათვის სხვადასხვა/განსხვავებული იქნება. თუმცა არსებობს ზოგადი რეკომენდაცია, რომ არ დაიწყოთ პირდაპირ ისეთი სფეროების დამუშავება, როგორიცაა ფინანსები და კარიერა. ნუ დაელოდებით სწრაფ შედეგებს. ამ სფეროების დამუშავებისათვის ცოტა მეტი დრო და მოთმინება დაგჭირდებათ.
და ბოლოს, დაიწყეთ ბალანსის ბორბალის გამოყენება და მიაღწიეთ დასახულ მიზნებს. იმედი მაქვს ამ ტექნიკის ინსტრუქცია გაგიადვილებთ მუშაობას საკუთარ თავზე.
ძალიან გამოადგება ადამიანს. იმედია მეც გამოვიყენებ სასიკეთოდ. მადლობა!