შესავალი
რატომ გახდა კრიტიკული აზროვნება ასეთი მოთხოვნადი? დღეს, ჩვენს სამყაროში ყველა აღიარებს კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობას და მას წარმატებისა და ბედნიერების მომტან ინსტრუმენტს უწოდებს. რატომ გახდა დღეს ამ უნარის მნიშვნელობა ასეთი აქტუალური? რა ცვლილებებმა განაპირობეს ეს და სად იყო აქამდე მიმალული ეს უნარი? უამრავი შეკითხვა ჩნდება და განმარტებაც შეიძლება სხვადასხვაგვარი არსებობდეს. ჩემს ხედვაზე მოგიყვებით და თანდათან, ამ უნარის გამოყენების მნიშვნელობასაც მივეპარებით.
ჩვენ ვიბადებით სურილებით, მოთხოვნილებებით. ახალშობილი ბავშვი, როგორც კი სამყაროს მოევლინება, იმ წუთიდან (არის მოსაზრებებიც, რომ მანამდეც, ანუ მუცლად ყოფნის პერიოდიდან) ნელ-ნელა ეცნობა სამყაროს და სწავლობს მასში მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზას და უყალიბდება ხედვები, ღირებულებები, სამყაროს მიმართ დამოკიდებულებები. მეტაფორულად რომ ვთქვათ, ვიბადებით ცარიელი ფურცელი, დიდი და უსაზღვრო პოტენციალით, ხოლო რა შინაარსი დაიწერება ამ ფურცელზე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: მშობლები, სოციუმის დაწერილი თუ დაუწერელი წესები, კანონები, საზოგადოება, კულტურა, ტრადიციები, განათლება, მეცნიერება, ფილოსოფია, მოდა და ა.შ. ყველა ეს ფაქტორი ზეგავლენას ახდებს ჩვენი სამყაროსადმი ხედვის ჩამოყალიბებაზე, იმ ტექსტების შექმნაზე რომელშიც მოგვიწევს ცხოვრება. სწორედ ამიტომ, ამბობენ, რომ ჩვენ, ადამიანები, ტესქტებში ვცოვრობთ. „დასაბამიდან იყო სიტყვა“...
დავუბრუნდეთ ყველაზე გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რა არის კრიტიკული აზროვნება: “Thinking out of the box”, ანუ ყუთიდან გამოსვლა და ისე ფიქრი. მეტაფორულად ისმის და მოდით, ამ მეტაფორით დავიწყოთ, შემდეგ კი, ნელ-ნელა შევურიოთ ფილოსოფიური, თუ ყოფითი მნიშვნელობის განმარტებები.
რა არის ყუთი? - ყუთად უნდა მივიჩნიოთ ის ხედვები, ფილოსოფია, წარმოდეგენები და/ან შინაარსები, რომლებშიც ვცხოვრობთ ყოველდღიურად, ან ვეხებით რაღაც ახლის შემეცნების, ინფორმაციის მიღების დროს; ანუ, ის შინაარსები, რომლებიც ჩვენს სამყაროში არსებობს და განსაზღვარავს ჩვენს კონკრეტულ ქცევებს, აზროვნებას და/ან მოქმედებას. ყველაფერი ტექსტია და წარმოიდგინეთ, რამდენი ყუთია სამყაროში. ერთ-ერთი მთავარი ყუთი ჩვენს ცხოვრებაში საკუთარი სამყაროს ხედვაა, რომელიც სხვადასხვა ყუთებთან გაცნობის შედეგად გვიყალიბდება. სწორედ გარემოში არსებული შინაარსების, ტექსტების, ანუ ყუთების დახმარებით ვსწავლობთ მოთხოვნილებების კონკრეტულ მოცემულობებად გარდაქმნას და შემდეგ მათკენ სწრაფვას. სურვილები და მიზეზები, კი როგორც ხვდებით, ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ისევე, როგორც ყველა ადამიანი სამყაროში.
სანამ უშუალოდ კრიტიკულ აზროვნებას შევეხებით, მნიშვნელოვანია ვახსენოთ ერთი რამ: დაბადებიდან გვასწავლიან, ხანდახან ჩვენითაც ვსწავლობთ, რა სურვილები შეიძლება გვქონდეს. ასევე, ბავშვობიდან გვაცნობენ სურვილების შესრულების მექანიზმებსა და შესაძლებლობებს. აქ მთავარი ხაფანგი ისაა, რომ ხშირად, განსაკუთრებით ტრადიციულ საზოგადოებებში, ან ტოტალირატული რეჟიმების დროს, საზოგადოდ შექმნილი სურვილების დაკმაყოფილების მექანიზმები მიმართულია არა ინდივიდის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისაკენ, არამედ სისტემის, საზოგადოების მდგრადობისკენ. არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენ გარემოდან მოწოდებული სურვილები ჩვენი გვგონია. თუმცა ამ საკითხებზე კამათი და მსჯელობა სხვაგან წაგვიყვანს, სხვა დროს განვიხილავ სისტემური მდგრადობის მექანიზმს. ამიტომ ეს მოსაზრება მივიღოთ, როგორც მოცემულობა.
დროა ისევ პირველ შეკითვას დავუბრუნდეთ: რატომ გახდა თანამედროვე, განვითარებული, თავისუფლებისაკენ მოძრავი სამყაროსათვის კრიტიკული აზროვნების უნარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი? ამ საკითხზე მსჯელობა არ წამიკითხავს, თუმცა ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში თავისუფლების, როგორც რეალური ცხოვრების არჩევანის, საყოველთაო ხელმისაწვდომობა გაიზარდა. ამ მოსაზრებას ამყარებს სოციალური ქსელების მიმართ ნებისმიერი ქვეყნის, იქნება ეს ტოტალიტარული თუ დემოკრატიული სახელმწიფოს წარმომადგენელი, მოქალაქის ინტერესი. სწორედ სოციალურმა ქსელებმა გააღვივა რწმენა იმისა, რომ შესაძლებელია საკუთარი პირადი საზღვრების არსებობა და მათი მნიშვნელობის გააზრება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სოციალური ქსელების მენეჯმეტი გარკვეული დილემების წინაშე დგას, ახლა ამ საკითხზე ყურადღების გადატანა არ ღირს, უბრალოდ, მივიჩნიოთ, რომ პარადიგმების ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ და სხეულებრივ დონეზეც კი განვიცდით, ვგრძნობთ ამას. სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად უამრავი ინფორმაცია და შინაარსი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადა და ამ ზღვა ინფორმაციის საფუძველზე ახალი შინაარსების შექმნასაც შეუწყო ხელი. ახალ საინფორმაციო ეპოქაში მნიშვნელოვანი გახდა რეალური და ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება, რასაც კრიტიკული აზროვნების გარეშე ვერაფრით დავადგენთ. ტექნოლოგიების განვითარებამ ერთი და იგივე სახეობის პროდუქციის არსებობას შეუწყო ხელი და ამიტომ მნიშვნელოვანი გახდა არა მხოლოდ ფიზიკურ მაჩვენებლებით პოზიციონირება, არამედ თითოეული კომპანიის გაცოცხლება და ადამიანურ ღირებულებებსა, თუ ფასეულობებზე ლაპარაკი. ბრენდის პერსონიფიცკაციაც 21-ე საუკუნის გამოწვევაა ბიზნეს გარემოში. ამ შინაარსების გააზრებაც, ვინ, რას და რატომ გვთავაზობს, რა მიზანი აქვს და/ან ჩვენგან რას მოითხოვს კრიტიკული აზროვნების ინსტრუმენტებამდე მივყავართ.
თავისუფლება საკუთარი თავის პირადი საზღვრების დაიდენტიფიცირებიდან და საკუთარი ცხოვრების კონცეფციის შექმნიდან იწყება, სადაც კრიტიკული აზროვნების გარეშე ვერაფერს გავხდებით. უფრო მკაფიოდ რომ გამოჩნდეს, როგორ დავადგინო რეალურად რა მინდა? რა დამოკიდებულება მაქვს სამყაროს მიმართ? რა გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ჩემი ბედნიერების სისტემის შექმნა? მსგავსი საკითხები კრიტიკულ განხილვას მოიცავს. ვფიქრობ, სწორედ ამიტომაც 21-ე საუკუნებში, პარადიგმათა ცვლილებების გზაგასაყარზე კრიტიკულმა აზროვნებამ პრაქტიკული, ყოველდღიური გამოყენების მნიშვნელობა შეიძინა და ამიტომაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნარის სტატუსიც შეიძინა. კრიტიკული აზროვნების აღმოჩენისათვის საკმარისი არგუმენტები მოვიყვანე. შემდეგ შემოგთავაზებთ კრიტიკული აზროვნების ორ განმარტებას და ასევე, რატომ არის მნიშვნელოვანი ფილოფოსიური მსჯელობების განხილვა კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის. იმედია, საინტერესო კარი შევაღეთ და დიდი თავგადასავლები გველის წინ.
Comments