ტერმინი „კვებითი აშლილობა“ კრებითი სახელწოდებაა ისეთი ფსიქიკური აშლილობებისა, სადაც წამყვანია საკვების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები.
კვებითი აშლილობის მიზეზები კომპლექსურია. ის ძირითადად ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორებითაა განპირობებული. ამ აშლილობების განვითარებას ხელს უწყობს როგორც მემკვიდრული წინასწარგანწყობა, ასევე მასზე გავლენას ახდენს პიროვნების ხასიათი, სოციო-კულტურული გარემო, მაგალითად, რა ღირებულებითი კონტექსტია სოციუმში, როგორია, ე.წ., სილამაზის სტანდარტი და ა.შ.
რაც უფრო ადრეულ სტადიაზე შევძლებთ კვებითი აშლილობის ნიშნების გამოვლენას, მით უფრო მარტივად შევძლებთ დაავადების დამარცხებას. მნიშვნელოვანია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები არ არის საბოლოოსია, ისინი მინიშნებებიადა აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია დაავადების დასადგენად. კვებითი დარღვევების დროს თავდაპირველად ყველა ნიშნანი არ აღინიშნება, კვებითი ქცევის აშლილობა იწყება, როდესაც კვებასთან დაკავშირებული ქცევა ადამიანს ხელს უშლის ჰარმონიულ ცხოვრებაში, იცვლება ჩვეული ქცევა და კვებითი საკითხი ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ხდება.
კვებითი აშლილობის საერთო სიმპტომები:
ემოციური და ქცევითი ნიშნები:
კვებასთან დაკავშირებული ქცევები და განწყობები ხდება მთავარი საზრუნავი - იქნება ეს წონის კლება, დიეტები, კალორიების და კვების კონტროლი;
კონკრეტული კვებითი კატეგორიების უარყოფა და კვებიდან ამოღება, იქნება ეს ნახშირცყლები, ცხიმები, ცილები თუ სხვა;
სხვებთან ერთად კვების დროს უხერხულობის განცდა;
კვებითი რიტუალები, მაგალითად კონკრეტული საკვების ან საკვების ჯგუფის დაჟინებითი ჭამა, გადაჭარბებული ღეჭვა, საკვების პირდაპირ ყლაპვა და ა.შ.;
რეგულარული კვების დროს ძალიან პატარა ულუფების მიღება ან კვების გამოტოვება/ჩაგდება;
ხშირი დიეტები;
გადაჭარბებული/განსაკუთრებული ღელვა სხეულის ფორმასა და წონაზე;
მუდმივად სარკეში ან სხვა ამრეკლ ზედაპირებზე საკუთარი სხეულის შემოწმება;
განწყობის ექსტრემალური/რადიკალური ცვლილება;
ჩვეულებრივი საქმიანობების უგულებელყოფა და მეგობრებთან/სოციუმთან კონტაქტის შემცირება/გაწყვეტა;
ფიზიკური ნიშნები:
ხანმოკლე პერიოდში წონის შესამჩნევი რყევები, როგორც მატების მხრივ, ასევე კლების მხრივ;
კუჭის სპაზმები, კუჭნაწლავის არასპეციფიური ჩივილები (ყაბზობა, დიარეა, მჟავიანობა და ა.შ.);
მენსტრუალური ციკლის დარღვევა - მენსტუაციის ჩავარდნა/შეწყვეტა, მენსტრუაციის ცილკის ჰორმონების მიღებით შენარჩუნება;
კონცენტრაციის სირთულეები;
არანორმალური ლაბორატორიული მაჩვენებლები (ანემია, ფარისებრი ჯირკვლისა და ჰორმონების დაბალი დონე, დაბალი კალიუმი, დაბალი სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების რაოდენობა და ა. შ.)
თავბრუსხვევები, განსაკუთრებით დგომისას;
გულის აჩქარებები. გულისწასვლა/სინკოპე;
მუდმივად სიცივის შეგრძნება;
ძილის პრობლემები;
სტომატოლოგიური პრობლემები როგორიცაა კარიესები, კბილების მომატებული მგრძნობელობა ან ემალის ეროზიები;
თითების ზედა ნაწილში ჭრილობები ან გამონაყარი (ღებინების გამოწვევის შედეგები);
მშრალი კანი, თხელი და მტვრევადი თმა;
კუნთების სისუსტე;
ჭრილობების შეხორცების სირთულე;
იმუნური ფუნქციის დაქცეითება;
ნერვული ანორექსია
ანორექსია ყველაზე ცნობილი კვებითი აშლილობაა. ის თინეიჯერობისას იწყება და უფრო მეტად ქალებს ემართებათ. ანორექსიის მქონე ადამიანები წონაში კლების დაუოკებელ სურვილს განიცდიან, მაშინაც კი, როცა უკვე გამხდრები არიან.
ანორექსიის ნიშნებია:
· წონაში მომატების მძაფრი შიში — საკვებზე უარის თქმა;
· საკუთარი თავის დამახინჯებული აღქმა — იმის უარყოფა, რომ სიგამხდრის საშიშ ზღვარზე იმყოფებიან;
· ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები: გამუდმებული ფიქრი საკვებზე — ზოგ შემთხვევაში, რეცეპტების თუ საკვების შეგროვება.
ანორექსიას ორი ქვეტიპი აქვს: შემზღუდველი და "საჭმლისგან გათავისუფლების" ტიპი. პირველი ქვეტიპის მქონე ადამიანები წონას დიეტისა და გამუდმებული ვარჯიშის ფონზე იკლებენ. მეორე ტიპის ანორექსიის მქონეები კი ჯერ ჭამენ, შემდეგ კი კალორიებისგან "თავის დასაცავად" ლაქსატივებს იღებენ, გულს ირევენ ან ვარჯიშობენ.
ანორექსიას სხეულზე დამანგრეველი ეფექტი აქვს. ეს დაავადება ათხელებს ძვლებს, აზიანებს თმასა და ფრჩხილებს და ზღუდავს სხეულის საბაზისო ფუნქციებს. უკიდურეს შემთხვევაში ანორექსიას ორგანოების გათიშვამდე მივყავართ.
ნერვული ბულემია
ბულიმია კვებითი აშლილობის ერთ-ერთი ტიპია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ჭარბი რაოდენობის საკვების მიღება, რასაც შემდეგ თან სდევს მიღებული კალორიებისგან ორგანიზმის გაწმენდის ღონისძიებები, რომლის მიზანია, რომ არ მოხდეს წონაში მატება. ძირითადად დამახასიათებელია ახალგაზრდა გოგონებში, თუმცა ბულიმიის შემთხვევები მამაკაცებშიც არის დაფიქსირებული.
სიმპტომები:
· პერიოდულად დიდი რაოდენობის საკვების მიღება;
· წონაში მომატების პრევენციისათვის სხვადასხვა ზომების მიღება;
· წონაში მომატების შიში;
· თვითშეფასების კავშირი სხეულის ფორმებსა თუ წონაზე;
ბულიმიის გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს ყელის ტკივილი, გასიებული სანერწყვე ჯირკვლები, კბილების დაზიანება, გულძმარვა, კუჭის გაღიზიანება, ორგანიზამის გაუწყლოება(დეჰიდრატაცია_ და ჰორმონალური პრობლემები.
„უკონტროლო კვება" Binge Eating Disorder
განსხვავებულია ბულიმიისგან, რადგან ადამიანი არ ახორციელებს „გაწმენდის" ქცევას. ჭარბი კვების დარღვევების მქონე ადამიანები (BED) ხშირად ჭამენ დიდხანს, სწრაფად და საკმაოდ დიდი რაოდენობით. თან ახლავს ზიზღისა და უხერხულობის გრძნობა საკუთარი თავისადმი.
სიმპტომები:
· დიდი რაოდენობით საკვების მოხმარება, შიმშილის გრძნობის გაქრობის შემდეგაც კი;
· კონტროლის დაკარგვა ჭამის ეპიზოდების დროს;
· სირცხვილის, დანაშაულის შეგრძნება ბინჯ-ეპიზოდის გახსენებისას;
· ზედმეტი წონა ან სიმსუქნე.
პიკა
პიკა კიდევ ერთი აშლილობაა, რომელიც არასაკვები ნივთიერებების მიღებით ხასიათდება: მაგალითად, მიწის, თიხის, ცარცის, საპნის, ქაღალდის, თმის, ნაჭრის, ბამბის, კენჭებისა თუ სახამებლის. პიკა ხშირად გვხვდება ბავშვებსა და თინეიჯერებში. პიკას მქონე ინდივიდები მიდრეკილები არიან მოწამვლისა და ინფექციისაკენ, ასევე სხვადასხვა ვიტამინისა თუ მინერალის დეფიციტისაკენ;
სიმპტომები:
· მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში იმ ნივთიერებების მიღება, რომლებიც არ არის საკვები და არ გააჩნია კვებითი ღირებულება;
· ისეთი ნივთირებები მიღება, როგორიცაა: ქაღალდი, საპონი, ქსოვილი, თმა, მატყლი, მიწა, ცარცი, ტალკის ფხვნილი, საღებავი, რეზინი, ლითონი, კენჭები, ნახშირი, ნაცარი, თიხა, სახამებელი ან ყინული.
რუმინაცია
ადამიანები უკვე დაღეჭილ და გადაყლაპულ საკვებს პირში აბრუნებენ, თავიდან ღეჭავენ და შემდგომ ყლაპავენ ან აფურთხებენ. როგორც წესი, რუმინაცია საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ ხდება. უმეტესად გვხვდება ჩვილობისას და ბავშვობისას. თუ რუმინაცია ბავშვობასთან ერთად წარსულში არ დარჩა, მან შეიძლება წონის სწრაფად კლება და ორგანიზმის გამოფიტვა გამოიწვიოს.
საკვების არიდების / შეზღუდვის აშლილობა (AVOIDANT RESTRICTIVE FOOD INTAKE DISORDER)
ინდივიდები, რომლებსაც საკვების არიდების / შეზღუდვის აშლილობა აქვთ, კვების მიმართ ინტერესს არ იჩენენ და გარკვეული სუნის, ტექსტურის, გემოს თუ ტემპერატურის გამო მადას კარგავენ.
სიმპტომები:
· საკვების შეზღუდვა, რის გამოც დაბალანსებული რაციონის მიღება შეუძლებელია;
· არეული კვებითი ჩვევები, მაგალითად, სხვებთან ერთად ჭამის შეუძლებლობა;
· ორგანიზმის გამოფიტვა, ასაკისთვის შეუსაბამოდ დაბალი განვითარება წონასა და სიმაღლეში;
· მწვავე შემთხვევებში: კვების შეუძლებლობა.
ორთორექსია
ორთორექსია, ანორექსიასა და ბულიმიასთან შედარებით, ნაკლებად ცნობილი და აღწერილი კვებითი აშლილობაა, მაგრამ მასაც შეიძლება სერიოზული უარყოფითი შედეგები ჰქონდეს. ის კაცებსა და ქალებს თანაბრად ემართებათ, ვეგანებსა და ვეგეტარიანელებში კი რისკი უფრო დიდია.
ორთორექსიით დაავადებული ადამიანების კვება, ერთი შეხედვით, იმ ადამიანების ქცევას ჰგავს, რომლებიც ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. ორივე შემთხვევაში, ადამიანი არაჯანსაღი პროდუქტების (მაგ: კონსერვანტები, მარილი, შაქარი, ცხიმი და ცხოველური ნაწარმი) ჭამას არიდებს თავს. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ორთორექსია მეტია, ვიდრე უბრალოდ ჯანსაღი კვება. ესაა მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ჯანსაღად კვების იდეით უკიდურესადაა შეპყრობილი, ან, უფრო პოეტურად რომ ვთქვათ, არაჯანსაღი მისწრაფება აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ.
ორთორექსია, მართლაც, უწყინარი დიეტის დაცვით იწყება. პრობლემა ისაა, რომ რაღაც დროის შემდეგ, ჯანსაღად ცხოვრების სურვილი უმართავი ხდება და ადამიანის ცხოვრებაში პრობლემების შექმნასა და მისი მთელი ცხოვრების გაკონტროლებას იწყებს.
სიმპტომები:
· საკვები რაციონიდან საკვების დიდი ჯგუფების გამორიცხვა (ყველა სახის შაქარი, ყველა ნახშირწყალი, ყველა ცხიმი, ცილა, ხორცის პროდუქტების, რძის პროდუქტები და ა.შ.);
· გადაჭარბებული ზრუნვა ჯაბსაღი კვებების რაციონზე;
· დღის განმავლობაში დიდი დროის ხარჯვა საკვები რაოციონის შერჩევაზე;
· კვების ამ დარღვევას არ ახასიათებს წონის დაკლების სურვილი;
მშობლების შეცდომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში კვებითი აშლილობის განვითარება:
1. დაძალება;
„ერთი კოვზი მამას ხათრით, კოვზი დედას ხათრით“.. „უნდა დაამთავრო..“;
2. ზედმეტი კვება;
მშობლებს ეჩვენებათ, რომ მათი შვილი ძალიან ცოტას ჭამს, ცუდი მადა აქვს, წონაში არ იმატებს, ძალიან გამხდარიდა ამ დროს პატარას არწმუნებენ, აიძულებენ ჭამას ან კარგი საქციელისთვის კანფეტით, ან რაიმე საკვებით ასაჩუქრებენ.
3. შეზღუდვა პროდუქტებში:
ბავშვს მკაცრ შეზღუდვებს უწესებენ და ძალდატანებით უყალიბებენ სწორი კვების კულტურას - არ აჭმევენ ტკბილეულს, ცომეულს. მაგალითად, შემწვარ-მოხრაკულის ნაცვლად ორთქლზე მოთუშულ ბოსტნეულს;
4. აკრიტიკებენ გარეგნობის გამო:
წონის ცვლილებასთან დაკავშირებით კრიტიკა, შენიშვნები და „იძულებითი სწორი კვების კულტურის“ ლობირება.
5. ჭამის დროს სხვადასხვა აქტიობებით დატვირთვა - თამაშები პლანშეტებზე, მობიურზე, მულტფილმების ჩვენება და ა.შ.
6. ძალიან ბევრ ოჯახში ბავშვი ჭამის დროს მულტფილმებს ტელევიზორში ან გაჯეტზე უყურებს. სამწუხაროდ, კვებისას გართობით ბავშვი ვეღარ გრძნობს საკვებს, ვერც დანაყრების გრძნობას აკონტროლებს, ჭამს "მექანიკურად".
7. ყოველდღიური რეჟიმის არქონა:
ბავშვს არ აქვს ყოველდღიური რეჟიმი, არ აქვს განსაზღვრული ჭამის დრო, ის ჭამს სიარულში, შეიძლება მუდმივად პირში ედოს რაღაც, მაგრამ სრულფასოვან საუზმესა და სადილს არ ჭამს.
8. არასწორი მაგალითის მიცემა:
თუ მშობლები აკონტროლებენ წონას, მკაცრად ზღუდავენ საკუთარ თავს საკვებში ან პირიქით, ყველანაირ სიტუაციაში ჭამენ, ბავშვი მომავალში აუცილებლად გაიმეორებს მათ ქცევას.
კვებითი აშლილობის მკურნალობა
Consumer Reports National Research Center-მა გამოკიკითხა 1300-ზე მეტი ლიცენზირებული ფსიქოლოგი. კვლევის მიზანი იყო დაედგინათ თუ როგორ უმკლავდებოდნენ სპეციალისტები კლიენტების წონის და წონის კლების გამოწვევებს. კითხვაზე, თუ რომელი სტრატეგიები იყო აუცილებელი წონის დაკლებისა და წონის შენარჩუნებისათვის, ფსიქოლოგებმა დაასახელეს „წონის მენეჯმენტთან დაკავშირებული ქცევებისა და ემოციების გააზრება და მართვა“, როგორც არსებითი კლიენტებთან წონის დაკლებისთვის (44%). გამოკითხვის რესპონდენტებმა ასევე მოიხსენიეს „ემოციური ჭამა“ (43%), როგორც წონის დაკლების ბარიერი. კვლევაში ასევე წონის კლებისათვის აღნიშიშნული იყო „რეგულარული ვარჯიშის გრაფიკის შენარჩუნება“ (43 %) და „ზოგადად კვების სწორი არჩევანის გაკეთება“ (28%). ზოგადად, ჭამასთან დაკავშირებულ ქცევებზე და ემოციებზე თვითკონტროლის მოპოვება საკვანძო საკითხები იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ორივე საკითხი ერთმანეთს მიჰყვება
კვებითი აშლილობის მკურნალობის პროცესში აქტიურად უნდა იყოს ჩართული ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი, რათა ადამიანმა დამოუკიდებლად შეძლოს ქცევის მართვა. ეს არ არის მარტივი პროცესი, რადგან რამდენიმე ეტაპია გასავლელი:
პირველი — გაცნობიერება, ფაქტის მიღება, რომ გაქვს კვებითი აშლილობა;
მეორე — დაგეგმვა, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ არსებულ პრობლემას გაუმკლავდე;
მესამე — პრობლემასთან გამკლავება.
კვებითი აშლილობა მოზარდებში – რეკომენდაციები მშობლებს:
ძალიან ხშირად, კვებითი აშლილობა მოზარდობის ასაკიდან ვლინდება, თუმცა, მოუმზადებელ მშობელს, შესაძლოა, კრიტიკული ნიშნები გამორჩეს. თუ ხედავთ, რომ თქვენი შვილი სტატიაში აღწერილი სიმპტომების ნაწილს მაინც ავლენს, უნდა ჩაერთოთ. ეცადეთ, რომ თქვენს შვილს გულწრფელად დაელაპარაკოთ და აუხსნათ, რომ მის ქცევებში, კვების რეჟიმსა თუ ცხოვრების სტილში არაჯანსაღი ნიშნები ვლინდება, თუმცა, თუ ამის თქმას შესაფერისი ტონით, შესაფერის დროს, შესაფერის კონტექსტში ვერ მოახერხებთ, შესაძლოა, ბავშვი თქვენგან სრულად დისტანცირდეს. მოზარდისთვის ყოველთვის რთულია მშობელთან მსგავს თემებზე საუბარი, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი თავად ვერ ხედავს პრობლემას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მისი აზრი მოისმინოთ და მხოლოდ შემდეგ აუხსნათ, რატომ ხართ შეწუხებული. რამდენიმე რჩევა გამოგადგებათ:
· არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ მისი განსჯა, დადანაშაულება ან დატუქსვა არაჯანსაღი კვებითი რეჟიმის გამო, ყურადღება გაამახვილეთ მათ გრძნობებზე და ეცადეთ გაიგოთ, რა არის კვებითი აშლილობის საწყისი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ქცევის ჩამრთველი;
· ეცადეთ, საერთოდ არ შეაფასოთ გარეგნობა, სხეულის ფორმები - კომპლიმენტიც კი შესაძლოა, გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს. კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებს ობიექტური რეალობის აღქმა უჭირთ. შეფასებების ნაცვლად, ეცადეთ აღწეროთ თქვენი დამოკიდებულება - იმის ნაცვლად, რომ უთხრათ „მე არ მომწონს, როგორც ჭამ“, ეცადეთ სხვანაირი ფორმულირება მოიფიქროთ, მაგალითად „ვგრძნობ, რომ ბედნიერი არ ხარ, თითქოს რაღაც გაწუხებს, შეგიძლია დამელაპარაკო, ყველაფერს გავიგებ“. საუბრისას კი შეგიძლიათ კვების თემასაც შეეხოთ.
· არც კი სცადოთ თქვენი შვილის, მისი წონის, სხეულის ფორმებისა თუ გარეგნობის სხვასთან შედარება – ეს სიტუაციას მხოლოდ დაამძიმებს.
· დიდია ალბათობა, რომ პირველივე მცდელობაზე თქვენი შვილი გულს არ გადაგიშლით, ამისთვის მზად იყავით და საუბარი ჩხუბით არ დაასრულოთ, უბრალოდ უთხარით, რომ ყოველთვის მზად ხართ მის მოსასმენად.
· აუცილებლად დაუკავშირდით პროფესიონალს, იქნება ეს ფსიქიატრი, ფსიქოლოგი თუ ოჯახის ექიმი. თქვენი შვილის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის შეფასება მხოლოდ პროფესიონალის კომპეტენციაა, სამოქმედო გეგმაც მხოლოდ მასთან შეთანხმებით უნდა შედგეს.
Comments