გაითვალისწინეთ, გარდატეხის ასაკი შეიცვალა - ადრე ითვლებოდა, რომ გარდატეხის ასაკი 13-16 წელი იყო, ახლა უკვე 10-21 წელს ასახელებენ. ქვედა ზღვარმა სქესობრივი მომწიფების დაჩქარებისა და ტექნოლოგიური პროგრესის გამო დაიწია, ზედა ზღვარი კი განათლების ხანგძლივობამ გაზარდა.
მოზარდობის ხანის პრობლემები დაკავშირებულია სამ ძირითად ასპექტთან – ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ეგზისტენციალურ-ფილოსოფიური. ფიზიოლოგიურ დონეზე ამპერიოდში მიმდინარეობს ინტენსიური ჰორმონალური პროცესები, იცვლება სხეული, ხმა, ხდება სქესობრივი მომწიფება. მოზარდი იყურება სარკეში დახედავს შეცვლილ სხეულს, რომელსაც თავიდან ვერ ეგუება, არ მოსწონს, ეშინია. იგი ხვდება, რომ ბავშვი აღარ არის, თუმცა გარშე მომყოფები მას ჯერ უფროსად არ აღიქვამენ.
მოზარდობის ასაკის ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ბავშვების მშობლებისაგან დისტანცირება, პიროვნული ზრდა, ჩამოყალიბება, საკუთარი გზის ძიება და საკუთარი პირადი საზღვრების დადგენა. ამ პერიოდში გარდაუვალია მშობლების ავტორიტეტის შესუსტება. მოზარდის ცხოვრებაში ჩნდებიან სხვა უფროსი ავტორიტეტები, რომელთაც ისინი მიბაძავენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება თანატოლების აზრი.
შესაბამისად, ხდება ცვლილებები მშობლებთან ურთიერთობაში – მოზარდი აღარ აღიქვამს თავს ბავშვად, მიაჩნია, რომ იგი უკვე დიდია და საკუთარ თავზე უნდა აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა, თუმცა აქვე მშობლები საპირისპირო მესიჯს უგზავნიან მოზარდს და აგრძნობინებენ მას, რომის ჯერ კიდევ „პატარაა“ და არ გააჩნია უფროსებთან გათანაბრებული უფლებები. ეს ორგვაროვანი მიდგომა აბნევს მოზარდს და იწვევს მასში პროტესტის გრძნობას, რომელიც გამოიხატება ოპოზიციური ქცევით, სიჯიუტით, კონფლიქტურობით, ზოგჯერ კი აპათიით.
მოზარდთა აგრესიული ქცევა ხშირად წარმოადგენს ემანსიპაციის ბუნებრივ რეაქციას. აგრესია შეიძლება გამოვლინდეს როგორც აქტიური, ასევე პასიური ფორმით. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ მშობლების მხრიდან ნებისმიერი აგრესიული ტიპის ქმედება და ზეწოლა გამოიწვევს მოზარდის აგრესიულობის მომატებას. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა ავუსრულოთ მოზარდებს და მათ ჭკუაზე ვიაროთ. აუცილებელია მკაცრი დათანმიმდევრული „ჩარჩოების“ განსაზღვრა. მოზარდმა უნდა გაიგოს, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება დაკავშირებულია ქცევის წესების ცოდნასთან და მათ შესრულებასთან.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გარდატეხის ასაკში მოზარდისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იცოდეს:
1. მისი ესმით და თანადგომას, თანაგრძნობას გამოხატავენ მის მიმართ;
2. მას აღირებენ და უყვართ. ის სასურველია, საინტერესოა და უნიკალურია;
3. მას ენდობიან და მხარს უჭერენ;
ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე რჩევა მოზარდის მშობლისათვის, რომელიც მათ დაეხმარებათ შეამცირონ დაძაბულობა ურთიერთბებში:
არასოდეს შეაფასოთ და შეადაროთ მოზარდი სხვებს;
განიხილეთ მოზარდთან ერთად მნიშვნელოვანი ოჯახური საკითხები, აგრძნობინეთ მას, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებლია. დაამყარეთ თანასწორი ურთერთობა და გახდით პარტნიორები;
მოუსმინეთ, გამოხატეთ სიყვარული, თანაგრძნობა და მხადაჭერა;
აგრძნობინეთ რომ ენდობით და ანიჭებთ მაქსიმალურ თავისუფლებას;
შეიმუშავეთ ერთმანეთთან ურთიერთობის წესები. გაითვალიწინეთ წამახალისებელი და სადამსჯელო მექანიზმები უნდა იყოს ორივე მხარისათვის (ოჯახის ყველა წევრისათვის);
შეაქეთ. მნიშნელოვანია მოზარდებს საკუთარი თავის რწმენა განუვითაროთ;
დაეხმარეთ ემოციების იდენტიფიცირებაში და გამოხატვაში;
დაეხმარეთ ინტერესების ძიებაში;
მოზარდის ყოველდღიური აქტივობების დაგეგმვის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ დასვენებისა და გართობის დრო;
თუკი დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც გიჭირთ მოზარდთან ურთიერთობის მოგვარება, მიმართეთ ფსიქოლოგს.
ჩემთან ვიზიტის დასანიშნათ დამიკავშირდით: +995 595 75 11 22
·
Comments