
გამარჯობა,
პირველ რიგში მადლობით უნდა დავიწყო, თითოეული თქვენთაგანის პროტესტის ფორმა ჩემთვის გმირობის ტოლფასია. ყოველი დილა ჩემს ცხოვრებაში იწყება თქვენი ამბის მოკითვით, ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი ხართ და ეს თითქოს პარადოქსული სიახლოვე კიდე უფრო ამძაფრებს ჩემში თქვენდამი ემოციურ მიჯაჭვულობას. თითქოს აბსურდია ხო გიყვარდეს, დარდობდე, უაღრესად დიდ პატივს სცემდე აბსოლუტურად უცხო ადამიანებს, რომელთანაც არანაირი კომუნიკაცია და პირდაპირი გადაკვეთის წერტილი არ გქონია, მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ჩემი ცხოვრების ნაწილად იქეცით, რომელიც განსაზღვრავს ჩემი ყოველდღიურობის, მოქმედების და რაც მთავარია განწყობის ხარისხს. თქვენი გმირობა ჩემში იმედის, ბრძოლისუნარიანობის, ერთგულების და ამავე დროს შიშის ენერგიას ქმნის.
თუმცა ახლა მინდა გთხოვოთ, რომ შიმშილობა შეწყვიტოთ.
ვიცი სხვა ადამიანის გადაწყვეტილებაში, მის პირად საზღვრებში შეჭრა არ შეიძლება და ამისათვის ბოდიშს გიხდით, თუმცა მინდა ჩემი ხედვა შემოგთავაზოთ, მინდა დაგანახოთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაბედული, მამაცი ადამიანების არსებობა ჩვენს დღევანდელობაში, როგორი მნიშვნელოვანია ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება და როგორ არ მინდა მინდა სისტემამ, თქვენი მამაცი, გაბედული და თავგანწირული ნაბიჯი, ჩვენი რიგითი პროტესტის მონაწილეების დასასუსტებლად გამოიყენოს.
ამ წერილის დაწერის გამბედაობა მომცა იმის გააზრებამ, რომ გმირები უკვე სოციალურ-კულტურული დიდი სივრცის ნაწილები ხდებიან და უნებლიედ მეტ მოთხოვნებს აჩენენ სოციალური ჯგუფის წევრების მხრიდან.
ვიცი წერილი დიდი გამოვა, მაგრამ იმედია არ მიწყენთ და ბოლომდე წაიკითხავთ. რადგანაც მე, ჩვენ - პროტესტის მონაწილეებს თქვენ გვჭირდებით, თანაც თქვენი არსებობა ჩვენი ბრძოლისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვფიქრობ ტოტალიტარულ სისტენმასთან ბრძოლაში მეტი მოქნილობა უნდა გამოვაჩინოთ და მხოლოდ ასე შევძლებთ გამაჯრვებას, წინ კი ჯერ კიდევ დიდი გზა გველის.
და აი რას ვფიქობ:
გმირისა და მსხვერპლის დუალისტური როლი ტოტალიტარულ რეჟიმებში
ტოტალიტარული და დიქტატორული რეჟიმების ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი მანიპულაციური მექანიზმი არის ის, თუ როგორ იყენებენ ისინი პროტესტის ლიდერების ტრაგიკულ ბედს სისტემის გასამყარებლად. ეს პროცესი რამდენიმე ეტაპად ვითარდება და ღრმა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს საზოგადოებაზე.
1. გმირის აღზევება
როდესაც ადამიანი იწყებს რადიკალურ პროტესტს სისტემის წინააღმდეგ, ის ავტომატურად იქცევა სიმბოლურ ფიგურად მათვის, ვინც ცვლილებებს ელოდება. ეს პიროვნება ხდება იმედის, თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ სწრაფვის განსახიერება. მისი გაბედული ნაბიჯები, თვით დესტრუქციული ქმედებებიც კი, აღიქმება როგორც თავგანწირვა საერთო კეთილდღეობისთვის.
2. სისტემის საპასუხო რეაქცია
სისტემა კი სწორედ ამ მომენტს იყენებს თავის სასარგებლოდ. ნაცვლად იმისა, რომ პროტესტის ლიდერი მყისიერად გაანადგუროს, ის ნელ-ნელა ახდენს მის დასუსტებას და ხელს უწყობს განადგურებაში. რეჟიმი იწყებს გმირის ქმედებების იგნორირებას, სისტემა აჩვენებს პროტესტის უშედეგობას - რომ არანაირი ცვლილება არ ხდება, მიუხედავად გმირის მცდელობებისა. ამ იგნორირებით კი ნელ-ნელა აღვივებს უძლურობის, უიმედობის განცდას და მებრძოლები გადაჰყავს დანაკარგის, მსხვერპლის და რიგ შემთხვევებში გლოვის მდგომარეობაში. სისტემის ამ რეაქციას მე სამი მაიმუნის პრინციპით ვხედავ, რასაც ქვემოთ უფრო დეტალურად აგიხსნით.
3. გმირიდან მსხვერპლამდე
თანდათანობით, სისტემის იგნორირებით პროტესტის ლიდერი გადადის მსხვერპლის როლში. მისი ბრძოლა, რომელიც თავდაპირველად ჰეროიკული ჩანდა, ახლა უკვე ტრაგიკულ და უიმედო ელფერს იძენს. სისტემა აჩვენებს, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობა უაზროა და საბოლოოდ მარცხისთვისაა განწირული. გმირის პიროვნული ტრაგედია ხდება გაფრთხილება სხვებისთვის.
4. ზემოქმედება საზოგადოებაზე
ამ პროცესის ყველაზე მძიმე შედეგი არის მისი გავლენა საზოგადოებაზე, განსაკუთრებით კი პროტესტის მხარდამჭერებზე:
1. იმედგაცრუება - ადამიანები ხედავენ, რომ მათი გმირიც კი ვერ აღწევს მიზანს;
2. უძლურების განცდა - თუ ასეთი ძლიერი პიროვნება დამარცხდა, რა შანსი აქვთ სხვებს;
3. აპათია - რწმენა იმისა, რომ ცვლილება შეუძლებელია;
4. შიში - სისტემის ძალის დემონსტრირება აშინებს პოტენციურ პროტესტანტებს;
5. სისტემის გაძლიერება
პარადოქსულია, მაგრამ გმირის რადიკალური ქცევებისა და თავგანწირვის ქცევების იგნორირებით, სისტემა გმირის ფიზიკურ დასუსტებას და განადგურებას უწყობს ხელს, რაც გმირის დამარცხების განცდას წარმოშობს, ეს კი სისტემას კიდევ უფრო აძლიერებს. ის არა მხოლოდ ახშობს კონკრეტულ პროტესტს, არამედ ქმნის პრეცედენტს და ფსიქოლოგიურ ბარიერს მომავალი წინააღმდეგობისთვის. საზოგადოება რჩება დაბნეული და დათრგუნული, რაც იდეალური მდგომარეობაა ტოტალიტარული კონტროლის გასაძლიერებლად.
გმირისა და მსხვერპლის როლების ეს ტრანსფორმაცია არის ტოტალიტარული სისტემების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღი საზოგადოების სულიერი წინააღმდეგობის გასატეხად. ეს პროცესი არა მხოლოდ ანადგურებს კონკრეტულ პროტესტს, არამედ ქმნის ხანგრძლივ ფსიქოლოგიურ ტრავმას, რომელიც თაობებზე გადადის და აფერხებს საზოგადოების განვითარებას თავისუფლებისკენ.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიყოთ უფრო მოქნილები და ტოტალიტარულ სისტემას დავუპირიპიროთ სხვადასხვა სახის აქტივობები, რომელიც თითოეული პროტესტის მონაწილის ან გმირის ფიზიკურ და ემოციურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
როგორ მოქმედებს ქართული ოცნება დღეს?
სისტემის იგნორირების პოლიტიკა: სამი მაიმუნის პრინციპი როგორც კონტროლის მექანიზმი
1. სისტემის მხრიდან - "არ ვხედავ"
სისტემის მიერ გმირის "ვერ დანახვა" არის პირველი და უმნიშვნელოვანესი იარაღი:
- პროტესტის ლიდერის არსებობის იგნორირება, განხილვა როგორც რიგითი მოცემულობის;
- მისი მოთხოვნების უგულებელყოფა;
- მისი გავლენის მინიმიზება საჯარო სივრცეში - ფიზიკურად დასუსტებული გმირი უკვე საჯარო სივრცეში მხსვერპლის, სისუსტის განსახიერებაა;
- მხარდამჭერების არსებობის უარყოფა;
ეს სტრატეგია მიზნად ისახავს გმირის იზოლაციას და მის წარმოჩენას როგორც უმნიშვნელო, მარგინალურ ფიგურად.
2. სისტემის მხრიდან - "არ მესმის"
"სიყრუე" გამოიხატება შემდეგში:
- ლეგიტიმური მოთხოვნების მოსმენაზე უარი;
- პრობლემების არსებობის უარყოფა;
- დიალოგზე უარის თქმა;
- საზოგადოებრივი უკმაყოფილების იგნორირება და პარალელურად საზოგადოებაში უიმედობის და სისუტის გაღვივება;
ეს ტაქტიკა მიზნად ისახავს პროტესტის დელეგიტიმაციას და საზოგადოების დემორალიზებას.
3. სისტემის მხრიდან - "არ ვლაპარაკობ"
კომუნიკაციაზე უარი ვლინდება:
- ოფიციალური პოზიციის არ დაფიქსირება;
- მედიის კონტროლი გმირის გაშუქების შესაზღუდად;
- საზოგადოებრივი დისკუსიის ჩახშობა;
- ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა;
რატომ არის ეს სტრატეგია ეფექტური ტოტალიტარული სისტემის შესანარჩუნებლად?
1. ფსიქოლოგიური ზემოქმედება
- იზოლაციის განცდის გაძლიერება;
- უმწეობის შეგრძნების გაღრმავება;
- მოტივაციის დაკარგვა;
- საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესუსტება;
2. პროტესტის გამოფიტვა
- ენერგიის ფუჭად ხარჯვის განცდა;
- რესურსების გამოლევა;
- მხარდამჭერთა გადაღლა;
- მომავლის იმედის დაკარგვა;
როგორ უნდა უპასუხოს გმირმა?
1. სტრატეგიის ცვლილება
- ტაქტიკის მუდმივი ადაპტაცია;
- ახალი პროტესტის ფორმების ძიება;
- მოქნილი მიდგომების გამოყენება;
- რადიკალური ქმედებების გადაფასება;
2. კომუნიკაციის გაძლიერება
- ალტერნატიული მედია საშუალებების და საკომუნიკაციო გზების გამოყენება - თუნდაც ციხიდან. ოთხს კედელში გამოკეტილი გმირი ბევრად თავისუფალია, ვიდრე ხშირად თავისუფლებაზე მყოფი საზოგადოების წევრი. სწორედ ეს გაუტეხელობა და თავისუფლება შეიძლება იქცეს ყველაზე დიდი წინააღმდეგობის ძალად. აქ კი გმირების ფიზიკური კარგად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.
- საერთაშორისო ყურადღების მიპყრობა - ძლიერი ფასეულობებით, ძლიერი გმირის სტატუსით;
- საზოგადოების ინფორმირების ახალი გზების ძიება;
ტოტალიტარული სისტემის "სამი მაიმუნის" სტრატეგია არის ძლიერი იარაღი, რომელიც მიზნად ისახავს პროტესტის მოძრაობის თანდათანობით დასუსტებას და გაქრობას. თუმცა, ამ სტრატეგიის გაცნობიერება და მისი მექანიზმების გაგება პირველი ნაბიჯია ეფექტური წინააღმდეგობის დაგეგმვისთვის. გმირმა უნდა გამოიჩინოს მოქნილობა და შეძლოს ადაპტირება ისე, რომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი მიზნები და ღირებულებები.
და ბოლოს, შეიძლება სწორედ სისტემის მიერ გამოყენებული სამი მაიმუნის სტრატეგია ჩვენ გამოვიყენოთ მათ წინააღმდეგ. მათივე იარაღით ვებძოლოთ და ამით დავასუსტოთ. ამის შესახებაც შეიძლება მსჯელობა, თუ დაგაინტერესებთ, სხვა დროს გავაგრძელოთ.
რუსეთის ტოტალიტარული რეჟიმი, დიდი ხნის განმავლობაში დაგვატარებს ერთსა და იმავე გზაზე, მსხვეპლად იწირავს ჩვენს გაბედულ მეომრებს და ამით მგლოვიარე, დასუსტებული და გამოფიტული საზოგადოების არსებობას უწყობს ხელს. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება ამ მიმართულებით. ხომ არ მოვიდა დრო ტაქტიკა შევცალოთ, არ მივცეთ უფლება ჩვენი მებრძოლების, გმირების დასუსტებით გაძლიერდეს?
გთხოვთ, გემუდარებით, არ მისცეთ ამ რეჟიმს ეს ძალა, ნუ დაგვისუსტებთ ან წაგვართმევთ ჩვენი გმირების ენერგიას.
თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს,
თავისუფლება და დიდება ჩვენს საქართველოს,
გავიმარჯვებთ სახელოვნად,
ნინი ჭაჭია
30.01.2025
Opmerkingen