top of page

ნინი ჭაჭია, ანუ ვინ ვარ მე?

გამარჯობა, მე ვარ ნინი ჭაჭია. მიუხედავად იმისა, რომ პასპორტში ნინო მიწერია, იდენტიფიკაციას ამ სახელთან ვერ ვაკეთებ, ამიტომ - ნინი დამიძახეთ. 😊

 

სწორედ ასეთი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ჩემს შვილებს - ელენეს და ნიკოლოზს, არანაირი კნინობითი სახელით არ მივმართავდი, თუმცა მინდა აღვნიშნო, არც ეს გზა აღმოჩნდა მართებული, საზოგადოების წევრები პოზიტიური დამოკიდებულების გამოსახატად თვითონ იგონებენ კნინობით ფორმებს და ხან ელენიკოს და ხან ნიკა/ნიკუშას ეძახიან. ჩემს ოჯახში სახელებთან დაკავშირებით ბევრი კურიოზია, ამასთან დაკავშირებით ბლოგებში მოგიყვებით. რაზეც ყურადღების გამახვილება მინდა არის ის, რომ როდესაც ადამიანი რაღაც კონკრეტული სახელით გვეცნობა, უმჯობესია ის სახელი დავუძახოთ და არ შევეცადოთ მის ცვლილებას, ემოციებისა თუ ნებისმიერი დამოკიდებულების გამოხატვა კი უამრავი სხვა შემოქმედებითი მეთოდითაც შეიძლება.

 

ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ვეხმარები/ვასწავლი ადამიანებს იზრუნონ საკუთარ თავზე, ისწრაფვონ ბედნიერებისა და ჰარმონიისაკენ. მჯერა, ბედნიერ, განვითარებულ და ჰარმონიულ სამყაროს ასეთივე ადამიანები ქმნიან. ვცდილობ, ამ ჩემი ხედვით ადამიანები გავამხნევო, გამოცდილება გავუზიარო, მოტივაცია შევძინო, რათა სამყარომ მათი დახმარებით მაქსიმალური პოზიტივი, სიხარული და ინტერესი შეიძინოს.

_DSF7659 1.jpg
_DSF7750 1.jpg

რა არის ჩემი მამოძრავაბელი ძალა?

მჯერა, რომ ადამიანი ისეთი ცხოვრებით ცხოვრობს, როგორადაც იღებს, აფასებს საკუთარ თავს, ანუ თითოეული ადამიანი თავისი ბედნიერების ავტორია. ჩვენ ვწერთ ჩვენი ცხოვრების სცენარებს, ვაცნობიერებთ ამას, თუ არა.

 

მჯერა, რომ ბედნიერებისა და თავისუფლების გზისკენ გეზის აღება და მოძრაობა, არასდროს არის გვიანი. ნებისმიერ წამს შეიძლება შენი ცხოვრება 180 გრადუსით შეატრიალო. მთავარია გადაწყვიტო და იმოქმედო.

 

მჯერა, განათლება და ინფორმაცია უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების შესაქმნელად.

მჯერა, მომავალი იქმნება დღეს და თითოეული ადამიანი თვითონ ქმნის მას.

მჯერა პოზიტიური ემოციების ძალის: სიკეთის, სიყვარულისა და თავისუფლების.

მჯერა ფრაზის: ,,რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია.”

ამ გაცემაში კი მნიშვნელოვანი ისაა, სიამოვნებას განიჭებდეს, რათა უკუგებას არ ელოდო. მხოლოდ ასეთი დამოკიდებულებით მოვა და დაბრუნდება სიკეთე, თუ პოზიტივი.

მჯერა ადამიანების და იმის, რომ შეუძლებელი არაფერია, თუ რეალურად გწამს და გინდა.

მჯერა, სამყაროში არ არსებობს ცუდი და კარგი მოვლენა ან ადამიანი ან რაიმე სხვა. არსებობს მხოლოდ ჩვენი ინტერპრეტაცია ამ შინაარსის მიმართ და ეს ინტერპრეტაცია განსაზღვრავს ჩვენს შეფასებას, დამოკიდებულებასაც.

თუ თქვენთვისაც საინტერესოა ეს ყველაფერი, გავერთიანდეთ და ჩვენი სინერგია ბევრად მეტს შექმნის, ვიდრე თითოეული ჩვენგანი ცალ-ცალკე.

ზოგადი ინფორმაცია პროფესიული გამოცდილების შესახებ

პრაქტიკოსი ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტი ვარ, სერტიფიცირებული ქოუჩი (ICF), ბლოგერი, ტრენერი და ბიზნეს-კონსულტანტი. 20 წელიწადზე მეტი უწყვეტი სამუშაო გამოცდილების ფსიქოთერაპევტი.

 

15 წელიწადზე მეტია აქტიურად ვმუშაობ არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ ჩემი სამუშაო არეალი მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანსა და უკრაინასაც. მუშაობის სფერო: ფსიქოლოგია, განათლება და ბიზნესი. ჩატარებული მაქვს 150-ზე მეტი ტრენინგი, 100-ზე მეტი მასტერკლასი. ვმუშაობდი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან და მათ მშობლებთან.

 

ამჟამად ვთანამშრომლობ სხვადასხვა არაფორმალური განათლების ცენტრებთან, უნივერსიტეტებთან, კოლეჯებთან და ბიზნეს ორგანიზაციებთან როგორც ქოუჩი/ტრენერი და მოწვეული კონსულტანტი, ლექტორი. განსაკუთებულად კი მეამაყება, რომ ვარ ,,კრიტიკული აზროვნების სკოლის” - “School of Critical Thinking” დამფუძნებელი და ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (“APA”) წევრი.

_DSF7827 1.jpg
316789317_2972812646355946_3281905288060237989_n.jpg

პროფესიული განვითარების საინტერესო მომენტები

2001 წლიდან მაქვს უწყვეტი გამოცდილება როგორც ფსიქოლოგს/ფსიქოთერაპევტს. პირველი პრაქტიკული სამუშაო თბილისის უნარშეზღუდულ ბავშვთა ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრში დავიწყე, ხოლო აკადემიური საქმიანობა დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის კვლევით ცენტრში. პროფესიული განვითარების მხრივ, ჩემს ცხოვრებაში, დიდი როლი აქვს ფსიქოლოგთა ასოციაცია „ნდობას“, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი მუშაობა დავიწყე კრიზისული დახმარების სატელეფონო ცენტრის ფსიქოლოგად და პიროვნული განვითარების კლუბის მენეჯერის პოზიციით დავასრულე.

მალევე აღმოვაჩინე ჩემთვის საინტერესო სფეროები. იმ დროს, ეს მიმართულებები უცხო ხილი იყო: საზოგადოებასთან ურთიერთობა, ანუ პიარი და მარკეტინგი, გავიარე არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პროგრამა, რათა ამ მიმართულებაშიც მეცადა თავი. პრაქტიკული მუშაობის გარდა, ლექციებსა და ტრენინგებსაც ვამზადებდი. ვმუშაობდი სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში, როგორც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი. მიმაჩნია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ჩემი წარმატება ფსიქოლოგიის აკადემიურმა ცოდნამ განაპირობა. თავგადასავლებით სავსე კარიერული განვითარების პარალელურად, სულ მქონდა კერძო პრაქტიკა ფსიქოთერაპიის განხრით. ვფიქრობდი, რომ პრაქტიკული გამოცდილების გაწყვეტა, ჩემს განვითარებას ხელს შეუშლიდა.

 

2006 წლიდან, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სივრცეში მუშაობისას, ჩემი გზა გადაიკვეთა განათლების სფეროსთან. სრულიად ახალი, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე კარი შევაღე. პროფესიული უნარების ამ სფეროში განვითარებისათვის, ისევ ახალი მიმართულების განათლებას მოვკიდე ხელი. განათლების თეორიებისა, თუ ცოდნის კონსტრუირების მექანიზმები შევისწავლე. ამ პერიოდში, ჩემი სამუშაო არეალი გაფართოვდა და არაერთი პროექტი განვახორციელე საქართველოს ფარგლებს გარეთაც - სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა. საეთაშორისო ასპარეზზე მუშაობა დავიწყე, როგორც ბიზნეს კონსულტანტმა და ტრენერმა. საგანმანათლებლო სფეროში ჩემი უნარები არა მხოლოდ მასწავლებლის/ტრენერის/ლექტორის, ცოდნის/ინფორმაციის გამცემის მიმართულებით იხვეწებოდა, არამედ განათლების მენეჯმენტის მიმართულებითაც აქტიურად ვითარდებოდა. საქართველოში, განათლების სფეროში საქმიანობის თვალსაზრისით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოვყოფდი, სადაც კონსულტანტის სტატუსიდან, ნელ-ნელა ვიცე-კანცლერი გავხდი, თუმცა არც ამ ეტაპზე მიმიტოვებია ფსიქოთერაპევტობა 😊.

 

2015 წლიდან ჩემს კარიერაში ახალი კარი შევაღე, სამედიცინო ორგანიზაციების მარკეტინგი. ამ სივრცეში ჩემი ადაპტაცია განაპირობა ოჯახმა, რადგან როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში და პრინციპში, ყველგან სამედიცინო საზოგადოება ძალიან დახურული სისტემაა. ბავშვობიდან ექიმად მამზადებდნენ, დედა, მამა, ბებია, ბიძები, მამიდები და ა.შ. მოკლედ, ყველა სამედიცინო საზოგადოების ავტორიტარული წევრები იყვნენ. საოპერაციო სკალპელები და ინვენტარი ჩემი სათამაშოების მთავარი ატრიბუტები იყო. ოპერაციებზე დასწრება, დაავადებებისა და სიმპტომების განხილვაჩემი ოჯახის სალონურ საუბრებს წარმოადგენდა. სისტემას ყველა მხრივ ვიცნობდი. სამი სამედიცინო ცენტრის განვითარებასა (მრავალპროფილური კლინიკა ,ინოვა, ამბულატორიული ქსელი მედისონი და მრავალპროფილური კლინიკა ჯერარსი) და ზოგჯერ, ,,დაბადებაშიც” კი ვმონაწილეობდი. აღნიშნული სამივე ორგანიზაცია, როგორც შვილები, ისე მიყვარს და ვამაყობ მათი თითოეული მიღწევით.

 

ყველას ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც ერთ მიმართულებას ანიჭებ უპირატესობას და მისკენ იწყებ სვლას. შესაბამისად, 2018 წელს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, ჩემი პირადი პრაქტიკა მთავარ მიმართულებად მექცია. პროფესიული განვითარებისა და პოზიციების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ ეწვიოთ ჩემს პროფილს “LinkedIn” -ზე.

  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page