top of page
Writer's pictureNini Chachia

დაავადებების ფარული ფსიქიკური საფუძვლები

Updated: Mar 19, 2023


ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის მიმართ დამოკიდებულება, ბოლო პერიოდში, საკმაოდ გაჯანსაღდა: ყოველწლიურად მომართვიანობა მატულობს და ამ სპეციალობის მიმართ ნეგატიური სტერეოტიპები ნელ-ნელა იმსხვრევა, თუმცა ამ სფეროს სრულიად ჯანსაღი მიღებისათვის ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი, განსაკუთრებით საქართველოში.


მიუხედავად ასეთი დასაწყისისა, წინამდებარე სტატია ფსიქოთერაპიისა, ან ფსიქოლოგიის მნიშვნელობაზე არ იქნება. სტატიაში ზოგადად გესაუბრებით ფსიქოსომატური დაავადებების შესახებ და განვიხილავ მათ სიმპტომებს.


ტერმინი “ფსიქოსომატიკა” სულ რაღაც ორასი წლის წინ, 1818 წელს შემოიღო გერმანელმა ექიმმა ჰაინროტმა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ძველ საბეძნეთში საკმაოდ გავრცელებული იყო მოსაზრება ადამიანის სულის სხეულზე გავლენის შესახებ. ბერძნულიდან თუ ვთარგმნით, „ფსიქო“ არის სული, „სომა“ - სხეული. ჯერ კიდე ძველი ბერძენი ფილოსოფოსები: ჰიპოკრატე, პლატონი, არისტოტელე და სხვანი, ამბობდნენ, რომ სული და სხეული განუყოფლად არიან დაკავშირებული ერთმანეთთან.


ფსიქოსომატური ავადმყოფობები შინაგანი ორგანოებისა და სისტემების დაავადებებია, რომელთაც იწვევს სტრესი, ფსიქიკური არამდგრადობა/გაუწონასწორებლობა.

ფსიქოთერაპიაში არსებობს მოსაზრება, რომ ნებისმიერი დაავადება ჯერ ქვეცნობიერში ჩნდება და მხოლოდ ამის შემდეგ იჩენს თავს სხეულის დონეზე. ანუ, გამოდის, რომ ჩვენი დაავადებების უმეტესობა დაკავშირებულია გადაუჭრელ შინაგან პრობლემებთან, გამოწვევებთან. დაავადების ძირითად ფსიქოლოგიურ მიზეზებს კი ნეგატიური ემოციები, განცდები ქმნიან: ბრაზი, შური, შფოთვა, დანაშაულის შეგრძნება, შიში და ა.შ.


ჩვენი კეთილდღეობა და ის, თუ როგორ ვგრძნობთ თავს, დამოკიდებულია ჩვენს აზრებზე, ფიქრებზე, განწყობაზე, პოზიტივის პოვნის, სილამაზის დანახვისა და ამ ყველაფრით სიამოვნების მიღების უნარზე. ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ბედნიერების განცდის უნართან, ხასიათის თავისებურებებთან, წარმატებებისა და წარუმატებლობისადმი მის დამოკიდებულებასთან, ყოველდღიური პრობლემების, გამოწვევების მიღებისა და გადალახვის შესაძლებლობასთან.


დაავადებების თითქმის ნახევარი შესაძლოა იყოს ფსიქოსომატური ბუნების. მათ შორისაა:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტონია, რევმატიზმი, ვეგეტატიური დისტონია, გულის კორონარული დაავადება, გულის არითმია, ინფარქტი;


  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, წყლულოვანი კოლიტი, ბილიარული დისკინეზია;


  • ნერვული სისტემის დაავადებები - ქრონიკული თავის ტკივილები, დაძაბულობის ტკივილები, თავბრუსხვევა;


  • კანის დაავადებები - ნეიროდერმიტი, ფსორიაზის რეციდივები, აკნე;


  • გინეკოლოგიური დაავადებები, მათ შორის ქალების რეპროდუქციულ ციკლთან ასოცირებული - პრემენსტრუალური დაძაბულობის სინდრომი, პრეეკლამფსია, მშობიარობის შემდგომი დეპრესია;


  • ენდოკრინული დაავადებები და ა.შ.

ფსიქოსომატური დაავადებების სიმპტომები და მკურნალობა:


ექიმები, ხანდახან, აწყდებიან სიტუაციებს, როდესაც შეუძლებელია კონკრეტული დაავადების მიზეზის ზუსტი დადგენა. ხდება ისე, რომ არ არსებობს დაავადების განვითარების ფიზიოლოგიური წინაპირობები, მაგრამ დაავადება პროგრესირებს.

თუ სამედიცინო გამოკვლევები დაავადების ფიზიკურ ან ორგანულ მიზეზს ვერ გამოავლენენ, ან, თუ დაავადება არის ემოციური მდგომარეობის შედეგი, როგორიცაა სიბრაზე, შფოთვა, დეპრესია, დანაშაულის განცდა ან სხვა, მაშინ დაავადება კლასიფიცირდება, როგორც ფსიქოსომატური.


მიუხედავად დიაგნოსტირების სირთულისა, არსებობს გარკვეული სიგნალები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დაავადების მიზეზი სწორედ ფსიქოლოგიის სფეროშია:

  • დაავადების ხშირი რეციდივები - ადამიანი მკურნალობს ექიმის რეკომენდაციით, მაგრამ შედეგად სიმპტომები მცირე ხნით ქრება და მალევე იჩენს თავს, ანუ ადეკვატური მედიკამენტოზური მკურნალობა არ იძლევა მოსალოდნელ შედეგს;


  • ფსიქოლოგიური ტრავმის ან ქრონიკული სტრესის არსებობა - თუ პაციენტმა იცის, რომ მას რთული პერიოდი ჰქონდა ცხოვრებაში, უმჯობესია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს როგორც თერაპევტს, ასევე ფსიქოთერაპევტს, რათა დადგინდეს დაავადების გამომწვევი მიზეზი და დაინიშნოს ადეკვატური მქურნალობა;


  • ტრადიციული მკურნალობა არ მუშაობს - ფსიქოსომატური დაავადების კიდევ ერთი თვავისებურებაა.

ვინაიდან, ფსიქოსომატური დაავადებები წარმოიშვება ფსიქიკური პრობლემების შედეგად, რაც გავლენას ახდენს ადამიანის სხეულზე, დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში რამდენიმე სპეციალისტი უნდა იყოს ჩართული: ფსიქოთერაპევტი და კვალიფიციური სპეციალისტი - თერაპევტი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი. აუცილებელია „სულისა“ და სხეულის ერთდროული, თანმიმდევრული მკურნალობა.


შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ნებისმიერმა ნეგატიურმა ემოციამ, რომელიც საგულდაგულოდ არის შენიღბული, იქნება ეს შიში, სიბრაზე, სევდა თუ სიძულვილი, ადრე თუ გვიან, შეიძლება გამოსავალი/გამოვლინება ჰპოვოს რაიმე დაავადებაში.

უნდა გავიაზროთ, რომ ფსიქოსომატიკა სულაც არ არის სიმულაცია ან პრობლემის გამოგონება, ის მართლაც სერიოზული დაავადებაა.


შეიძლება ითქვას, რომ სომატური დაავადება ეს არის სხეულის განგაშის სიგნალი, რომელიც მიმართულია ფსიქიკური წონასწორობის აღდგენისკენ, ამიტომ, სისუსტის მიზეზები უნდა ვეძებოთ არა მხოლოდ ფიზიკურ სხეულში, არამედ "ენერგიის", ემოციური აგზნების დონეზე, მაშინაც კი, თუ დაავადება გამოვლინდა ტკივილის, სპაზმის, მაღალი ტემპერატურის სახით. ჩვენ უნდა დავიწყოთ იმ უარყოფითი ემოციების ანალიზით, რომლებსაც განვიცდით სისტემატურად.


თუ ადამიანი დიდხანს განიცდის უარყოფით ემოციებს, მუდმივად უკმაყოფილოა საკუთარი თავითა და ცხოვრებით, მაშინ სხეული, ადრე თუ გვიან, მისცემს განგაშის სიგნალს: იპოვის „სუსტ წერტილს“ და იქ მოხდება დასნებოვნება.


თუ ფსიქოსომატური დაავადება შეინიშნება ბავშვში ან მოზარდში, ის წარმოადგენს სიგნალს მთელი ოჯახის მკურნალობისთვის. დაავადების სამკურნალოდ აუცილებელია გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა. მიზეზი კი, ყველაზე ხშირად, აღმოჩნდება არაჯანსაღი ოჯახური გარემო. მოზარდების მკურნალობაში, ასევე საჭიროა ოჯახის წევრების ჩართვა, გარემოსა და საცხოვრებელ ადგილზე არსებული განწყობის/ვითარების ცვლილება.

აღსანიშნავია, რომ როდესაც დაავადების გამომწვევი მიზეზი გაურკვეველია, უნდა შევხედოთ თავად ადამიანს და არა მხოლოდ დაავადებას. რაღაც ხდება მის ცხოვრებაში ისეთი, რასაც მისი სხეული "აპროტესტებს". მიზეზი შეიძლება იყოს: ქრონიკული სტრესი, უკმაყოფილება პირადი ცხოვრებით, სამსახურით, საკუთარი თავით.


ბოლოს, ამ არასასურველი სიმპტომების ჩამოთვილის შემდეგ, მინდა გითხრათ, რომ არცერთ დაავადებაშია რაიმე მოუგვარებელი და გადაუჭრელი. ნებისმიერ წინააღმდეგობა გადალახვადია და რაც მთავარია, გახსოვდეთ, სწორედ იმ წუთიდან, როცა გადაწყვეტთ, გახადოთ თქვენი ცხოვრება უფრო ბედნიერი და წარმატებული მაშინვე დაავადება დაიწყებს ჩაქრობას. ანუ, ბედნიერების, პოზიტიური ემოციების მატებასთან ერთად ის უკვალოდ გაქრება თქვენი ცხოვრებიდან.

ბედნიერ, სიხარულით გაჯერებულ და ჰარმონიულ ცხოვრებას გისურვებთ <3.



თუ თქვენ სტატიაში მოყვანილი სიმპტომები აღგენიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. გახსოვდეთ, რომ დროული დიაგნოსტიკა საფუძვლიანი და სწრაფი მკურნალობის საწინდარია.

ჩემთან ვიზიტის დასანიშნად კი დამიკავშირდით: +995 595 75 11 22,

ვიზიტის ღირებულება 100 ლარი;

227 views0 comments

Kommentarer


  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page