top of page
Writer's pictureNini Chachia

როგორ დავეხმაროთ მოზარდებს გარდატეხის ასაკში

Updated: Dec 11, 2022


თითოეული მშობლისათვის, მასწავლებლისა თუ ზრდასრულისათვის, რომლებსაც აქტიური ურთიერთობა აქვთ მოზარდებთან, მეტად მნიშვნელოვანია მოზარდების ანუ თინეიჯერების გარდატეხის ასაკის თავისებურებების ცოდნა, რათა მოზარდებს შევუწყოთ ხელი ამ ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი, ცხოვრებისეული გარდამტეხი ეტაპის გადალახვაში.


განწყობის ხშირი ცვალებადობა, დამკვიდრებული/დაწესებული ნორმებისა და წესების წინააღმდეგ აჯანყება, უცნაური ჩაცმულობა და გაუგებარი ინტერესები, ჰობი – თითქოს ასე გამოიყურება გვერდიდან მოზარდობის კრიზისი. მაგრამ რეალურად რა არის მოზარდობის კრიზისი და რამდენად ვერკვევით ამ პერიოდის თავისებურებებში?

ფსიქოლოგიაში მოზარდობის პერიოდი განისაზღვრება, როგორც ფსიქიკური და ფიზიოლოგიური პროცესების ყველაზე გლობალური რესტრუქტურიზაციის პერიოდი. ის იწყება 11-12 წლის ასაკიდან და გრძელდება საშუალოდ 15-17 წლამდე. სწორედ ეს პროცესები აქცევს „საყვარელ, მორჩილ პატარას“ „მონსტრად“.

სტანდარტულ ან ტიპიურ ჩამონათვალზე თქვენს დროს არ დავკარგავ და თქვენს ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებ.

ამ პერიოდში (გარდატეხის ასაკი) მოზარდები იწყებენ საკუთარი პირადი საზღვრების გამოყოფას და სამყაროსთან ამ პრიზმიდან ურთიერთობას ცდილობენ. რატომ არის რთული მოზარდებისათვის ეს პერიოდი? გარდა ფიზიოლოგიური ცვლილებებისა, რაც მათ ორგანიზმში მიმდინარეობს აქვე ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დროს მოზარდები ახალი ქცევითი მოდელების, კომუნიკაციის ახალი, მანამდელზე განსხვავებული სტილით ურთიერთობას ცდილობენ, ამისათვის კი ჯერ საკმარისი გამოცდილება არ აქვთ, ამას გრძნობენ, განiცდიან და შინაგანად დაძაბულებიც არიან.

მოკლედ რომ ვთქვათ, მოზარდები ფაქტობრივად უარს ამბობენ, ბავშვობაში ჩამოყალიბებული ქცევის მოდელებზე, ნორმებზე, წესებზე და ცდილობენ რაღაც თავიანთის, უნიკალურის შექმნას, განსხვავებულის, აი ისეთის სამყაროში შემჩნევები, დამოუკიდებლები და ყველაზე მაგრები რომ გამოჩნდებიან. ნებისმიერი სიახლე კი სტრესული ხასიათისაა, ამ დროს უკვე არსებული მოტორული და ჩვეული რეაქციები, ქცევები აღარ მუშაობს, საკმარისი არაა და საჭიროა რაღაც ახალის, განსაკუთრებულის ძიება.


ამ ეტაპის გადალახვის ყველაზე უმტკივნეულო გზა არის მოზარდებს დავეხმაროთ ინტერესების ძიებაში. ამ კრიზისის მთავარი ფონური ამოცანა ხომ ინტერესის დაკმაყოფილებაა, თუ დავუკვირდებით, ეს ექსპერიმენტები გარეგნობასთან, პროტესტები არსებულ ნორმებთან და უამრავი მსგავსი გამოვლინება, არის ნიშანი იმისა, რომ მოზარდი ცდილობს რაღაც ახლის ძიებას, ახლის ძიება კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ემოციის, ინტერესის გარეშე არ გამოდის. ამ პერიოდს შეიძლება შევადაროთ ადამიანი, რომელმაც არ იცის ველოსიპედის მართვა და ამ დროს ცდილობს ველოსიპედით მოძრაობას. სწორედ ამის გამო მოზარდების განწყობა ძალიან ცვალებადია, ხან კარგ ხასიათზე არიან და ხანაც სამყაროს მტრულად აღიქვამენ, თან ამ ბრძოლაში ხშირად მარტოობას განიცდიან. - შენ არ გესმის.... ალბათ ბევრისთვის ნაცნობი ფრაზაა.

მიუხედავად ამ გამოწვევებისა, მოზარდების მდგომარეობას ზოგჯერ კიდე უფრო ამძიმებს იმ ყოველდღიური რუტინის შესრულება, რომელიც მანამდე თითქოს არც ისე რთული იყო გასაკეთებლად, თუმცა ეხლა კონცენტრაციის გართულება, რასაც ჰორმონების ამოფრქვევები იწვევს, ხელს უწყობს ამ „რთული’ ყოფის დამძიმებულად აღქმას.


და რა ვქვათ ამ დროს, რა გავაკეთოთ?

  1. ინტერესი - შეეცადეთ სხვადასხვა რაკურსით განიხილოთ მოვლენები, ამბები. შეეცადეთ მოზარდს დაანახოთ პრობლემის, გამოწვევის თუ მისთვის მნიშვნელოვანი შინაარსის გადაწყვეტის სხვადასხვა გზა, ხედვა. გასაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ე.წ. სავალდებულო აქტივობებში, სწავლა იქნება თუ დღის რუტინა, რაღაც მათთვის საინტერესო და განსაკუთრებული ვაპოვნინოთ. რა დროსაც ამა თუ იმ საქმიანობის განხორციელება მორჩილების დემონსტრირება კი არ იქნება, არამედ ახლის აღმოჩენა, მათი თვითგამოხატვის ახალი შესაძლებლობა გახდება.

  2. თანასწორობა - აქ ყოველთვის მიწევს ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ხაზგასმა. ხშირად, მშობლები და უფროსები მოზარდების მიმართ თანასწორობის ხაზგასასმელად მათ ესაუბრებიან და ექცევიან როგორც ზრდასრულებს. ეს კი ნაცვლად ყოფის შემსუბუქებისა, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა, კიდე უფრო ამძაფრებს დაძაბულობას, რასაც მოზარდები გრძნობენ. გახსოვდეთ, რომ მოზარდის არც სააზროვნო სისტემა, არც ქცევითი მოდელები არაა მიჩვეული ზრდასრული ადამიანის მსგავსად ქცევას, შესაბამისად მას არ გააჩნია არც მსგავსი გამოცდილება და არც საჭირო უნარები. ამიტომ თუკი თქვენ თანასწორობის ჩვენებას აპირებთ, მაშინ წარმოიდგინეთ საკუთარი თავი იმ ასაკში, იმ ვითარებაში რომელშიც მოზარდია და მხოლოდ ამ პრიზმიდან ესაუბრეთ მას. ანუ თქვენ უნდა გახდეთ მოზარდის ასაკის და არა მოზარდი თქვენ ასაკის თანასწორი.

  3. ნდობა და თავისუფლება - მიეცით მეტი თავისუფლება. მნიშვნელოვანია, რათა მოზარდმა იცოდეს, რომ მას ენდობიან, უსმენენ მის აზრს და აძლევენ მას გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ნდობის განცდა ამ ეტაპისათვის უმნიშვნელოვანესი რესურსია მოზარის წარმატებული და ბედნიერი მომავლისათვის. ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად ბევრი მიმართულებით შეუსოთ მოზარდს, რადგანაც ამ ასაკის ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური ქარტეხილები პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენას ურტყამს.

  4. წესები. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდები ღიად აპროტესტებენ ყოველგვარ ნორმებსა და შეზღუდვებს, მათთვის წესები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოზარდებმა უნდა ისწავლონ პასუხისმგებლობის აღება და გარკვეულ წესებზე შეთანხმების შედეგად დარღვევის შემთხვევაში - პასუხისგებაც. მნიშვნელოვანია წესებსა და მათი დარღვევების შემთხვევაში ‘სასჯელზეც“ წინასწარ შეთანხმდეთ თინეიჯერთან.

  5. მოთმინება. გახსოვდეთ, რომ ბავშვი ფაქტიურად ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს და განწყობას. ეცადეთ მხარდაჭერით და პარტნიორობით შეთანხმდეთ თანაცხოვრებაზე მოზარდთან. გახსოვდეთ ძალადობა შობს ძალადობას და არსებობს ძალიან კარგი ხალხური ანდაზა - გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა, ტკბილად მოუბარი.

  6. განიხილეთ, იმსჯელეთ საკამათო თემებზე. განიხილეთ საკითხები რა საკითხებზეც ვერ თანხმდებით, იმსჯელეთ, შეეცადეთ მოუსმინოთ მოზარდის არგუმენტებს ნებისმიერ საკამათო სიტუაციაში და შესთავაზეთ, წაახალისეთ ის, რომ თავად გამოასწოროს სიტუაცია.

  7. შეაქეთ და ხშირად უთხარით, რამდენად ამაყობთ მისი მიღწევებით, ქმედებებით. ამ პერიოდის მუდმივი ემოციური რყევების ფონზე, მოზარდს მშობლების და ზოგადად სოციუმის მხრიდან აღიარება ეხმარება საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა მოიპოვოს.

  8. დაინტერესდით მისი ცხოვრებით და მოძებნეთ ახალი შესაძლებლობები ერთობლივი აქტივობისათვის, დასვენებისთვის და გართობისათვის. მოძებნეთ ისეთი აქტივობა, რაც ორივე მხარისათვის საინტერესო იქნება, ამ პროცესს მიუდექით შემოქმედებითად.

გარდატეხის ასაკის კრიზისი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი პერიოდია, ამ დროს ხდება როგორც ფსიქიკური პროცესების, სააზროვნო სისტემის გადაწყობა, ასევე სხეულში მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ცვლილებებიც მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ ასაკის თავისებურებების გადალახვა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ.

Comments


  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page