top of page
Writer's pictureNini Chachia

სიტყვის ძალა და მკვლელი დუმილი

Updated: Dec 11, 2022


დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა


ჯერ კიდე ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ბებიამ, მასწავლა სიტყვის ძალა. სიტყვის ძალა უდიდესია. სიტყვა მკურნალია, ის არჩენს, ასაზრდოებს, იმედს სახავს, ასაზრდოებს და განწყობას ქმნის. ბავშვობიდან მესმოდა - „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო“. მჯეროდა და თითოეულ სიტყვაში არსებულ უზარმაზარ ძალას, ენერგიას ვხედავდი, ვგრძნობდი. როდესაც ცუდად ვიქცეოდი, ან უწმაწურ სიტყვას ვამბობდი ბებია მეუბნებოდა, გულს ნუ, მიკლავო. ასე ვისწავლე სიტყვის ძალის უარყოფითი მხარე. აღმოვაჩნე. რომ სიტყვით მკვლელობაც შესაძლებელი იყო. ალბათ. ფსიქოლოგობაც ამიტომ გადავწყვიტე, მინდოდა პატარა ჯადოქრობა მესწავლა - კეთილი სიტყვის ძალით ადამიანებს დავხმარებოდი... ვისწავლე ბევრი და ახლაც ვსწავლობ, ის რაც აქამდე ძალიან რთულ ჯადოქრობად მეჩვენებოდა, ახლა ჩემს ყოველდღიურ საქმიანობად ვაქციე. ყოველდღე ვგრძნობ თუ რა ძალა აქვს თითოეულ სიტყვას, როგორ იქცევა თითქოს ძალიან მარტივი ასოთა წყობები შინაარსიან მოცემულობებად და საოცარ ჯადოსნურ ძალის მატარებლებად. ყოველდღიურად ვხედავ თითოეულ სიტყვას როგორ შეუძლია ადამიანის და ზოგადად ნებისმიერი ცოცხალი არსების გაძლიერება, აღფრთოვანება და ამასთან ერთად მიწაზე დანარცხებაც. როგორ შეიძლება მარტივი ასოთა წყობებისაგან შეიქმნას ბედნიერების ელექსირი ან მომაკვდინებელი შხამი...


მხოლოდ ზრდასრულობაში მივხვდი რა მნიშვნელოვანი საიდუმლო იდო სიტყვა „გაძლევ-ში“ ან პირობის თქმაში. მას მერე, რაც ეს პატარა საიდუმლოც ამოვხსენი, მუდამ ვცდილობდი ყოველი სიტყვა ფრთხილად გამომეყენებინა და ძალიან ჯადოსნურები კი როგორიცაა „მიყვარხარ“, არ გამეცვითა.


არა, ეს წერილი ჩემზე არაა, სიტყვის ძალაზეა და კიდე სხვა რამეზე.


25 წლის ვიყავი, როდესაც პირველად სიკვდილთან დაჯახება მომიწია. რთული გზა იყო, ბევრი ვიომეთ, თუმცა , სიტყვის ძალამ აქაც მიშველა. მაშინ პირველად ვიგრძენი რა უძირო შეიძლებოდა ყოფილიყო შიში... ისე მეშინოდა, რომ ხმას ვერ ვიღებდი, რეანიმაციის კარებთან ვიდექი და ჩემს პატარას ფიქრებში ვეჩურჩულებოდი. ჩუმად, ფიქრებში ვლაპარაკონდი, ჩურჩულით სიკვდილს რომ არ გაეგო აი, ისე მაშინ ჩემმა პატარამ ლაპარაკიც არ იცოდა. ცოტა ხნის წინ მოვლენილი იყო ამ სამყაროში, ამიტომ ვიცოდი, რომ ჩემი ფიქრებით მას მკურნალ სიტყვებს ვუგზავნიდი, ვუხსნიდი თუ რას ნიშნავდა „მიყვარხარ“, ვეხვეწებოდი ნუ, გატეხავ ამ ჯადოსნურ სიტყვას და ნუ, დამტოვებ „მიყვარ-ს“ ამარა-თქო. მაშინ ვიფიქრე თუ რას ნიშნავდა ფრაზა -„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“. მაშინ მივხვდი, რომ ზოგჯერ დუმილიც ამბობს თავისას და სიკვდილისაგან სიცოცხლის ელექსირის გადამალვის საშუალებასაც იძლევა... ასე ვიცხოვრე დიდი ხანი...


დღეს 42 წლის ქალი ვარ, ისევ მჯერა სიტყვის ძალის, ფსიქოლოგადაც ვმუშაობ და ამ ძალის სიცოცხლის ელექსირად ქცევაში ვეხმარები ადამიანებს. მაგრამ ეს ბლოგი ჩემზე არაა, სიტყვის ძალაზეა და ახლა უკვე დუმილზეც.


წელს რთული წელი მქონდა, წელსაც მომიწია დემონისთვის თვალებში ჩახედვა, სიკვდილი წელსაც დავამარცხეთ, მაგრამ იცით, რა ვისწავლე? არსებობს სამყაროში ისეთი შიში, როდესაც შიშის განცდისაც კი გეშინია. იმდენად გეშინია, რომ ამ განცდას უკუაგდებ და დუმილი ამაში გეხმარება. ანუ იცით რა აღმოვაჩინე? დუმილსაც აქვს ჯადოსნური ძალა, თუმცა ჯადოსნურ სამყაროში ორი პოლუსი უნდა არსებობდეს, იცით რატომ? ჩვენ ადამიანებმა რომ დავინახოთ, ვიგრძნოთ და განვასხვაოთ კეთილი და ბოროტი. სწორედ ამიტომ, სადაც სიცოცხლეა, იქვე შორიახლო სიკვდილიც დადის, სადაც სიკეთეა ბოროტებაც არსებობს, სადაც სამოთხეა ჯოჯოხეთიც არსებობს. აი, ასე ამ პოლუსებს შორის მოძრაობისას ვწავლობთ სამყაროს ჯადოსნობებს.


იცით ამ ასაკში, ხომ გითხარით 42 წლის ვარ უკვე, აი, წელს შევიგრძენი მკვლელი დუმილის ძალა... აი, სწორედ ამ ძალაზე მინდოდა დამწერა და ალბათ, არ გამომივიდა....

დუმილი ხომ ჩუმად, ფიქრებში საუბარს გულისხმობს.... ჰოდა, ხშირად ამ დუმილს ვიყენებდი, როგორც სიკეთის ძალას... სადღაც შორიდან ვიცოდი დუმილის მკვლელობის მხარეზეც, თუმცა, ასე პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც წელს დავეჯახე და არა მარტო მე, შენც დაეჯახე, ყველა დავეჯახეთ, არ მიფიქრია....


თქვენი არ ვიცი და 2012 წლიდან ბევრ რამეზე გავჩუმდი, ვიფიქრე ჩემზე ჭკვიანები არ იღებენ ხმას და მე რაღაზე ვიყვირო ან ვინ მომისმენს-თქო.... ჩვენს ქვეყანას მანამდე სახელწმიფოს კონტურები ჰქონდა გამოკვეთლი და რაღაც პატარა ბილიკი მოჩანდა, რომელიც თანამედროვე ჯადოსნურ, თანასწორ და მდიდარ სახელმწიფომდე მიგვიყვანდა. ბილიკი რთული, მიხვეულ-მოხვეული, ალაგ-ალაგ გამწყდარიც იყო, მაგრამ პატარა გზა მაინც ჩანდა და იმედს გვაძლევდა ...


ჩემნაირად ჩემი მეგობრებიც გაჩუმდნენ, დადუმდნენ და 11 წლის განმავლობაში დუმილმა მკვლელის სახე მიიღო, ბედნიერებისაკენ მიმავალი გაცრეცილი ბილიკი, დაიკარგა და ახლა უფსკრულთან ვდგავათ.... იმ უფსკრულთან, რომელსაც ძირი არ უჩანს და თვით ჰადესსაც კი ეშინია მის სიღრმეებში ბოლომდე ჩახედვის....


მკვლელმა დუმილმა უამრავი პატარა ანგელოზის სიცოცხლე წაგვართვა, აი, ასე უცებ - ჰოპ და ჩაყლაპა, გააქრო, ვითომც არ ყოფილა... მკვლელმა დუმილმა ჩვენი მდიდარი და თანასწორი სახელმწიფოსკენ მიმავალი ბილიკი ისე გაცვითა, რომ გზა აგვერია და ბოროტების სახელმწიფოს გზას დაგვაყენა... თან ისე მშვიდად, ნელ-ნელა და აუღელვებლად, რომ ჩვენც დაგვავიწყდა სად მივდიოდით, რა გვინდოდა ... დუმილს ისე მივეჩვიეთ, რომ ხმა დავკარგეთ.... ხმა დავკარგეთ და ჩვენი ხმა ბოროტების სახელმწიფოს მმართველებმა მიითვისეს.... ხმა დავკარგეთ და ჩვენი ცოცხალი თუ განსვენებული გმირების სახელები აბუჩად აიგდეს..... ხმა დავკარგეთ და დედები მოგვიკლეს, ყველა მოკლული დედა ხომ ქართლის დედის სახეა?!.... ხმა დავკარგეთ და სულში ჩაგვაფურთხეს, ღმერთი შეურაცხყვეს და ისტორია ჩაგვინაცვლეს...


ეს ბლოგი მკვლელ დუმილზეა და სიტყვის ძალაზე.... განჯადოებაზე, რომელიც ძალიან გვჭირდება... ხმაზე, რომელიც უნდა დავიბრუნოთ და მერე ხმამაღლა ვიმღეროთ მრავალჟამიერი...


როგორ?


მალე ახალი წელია და როგორი მკვლელი დუმილიც არ უნდა ბატონობდეს ამ სამყაროში, ამ დროს ცოტა ხნით სიკეთის ნაპერწკლები თავისით ინთება თითოეულ ადამიანში და ეს ნაპერწკლები ერთიანობის შემთხვევაში დიდი სიკეთის სინერგიას ქმნიან, ამ სინერგიას კი ვერაფერი დაამარცხებს, თუ შეიქმნა...


ყოველი ახალი ისტორია, ძველი ისტორიის დასრულების შემდეგ იწყება და იქნებ აი, ახლა, ამ ჯადოსნურ პერიოდში, სანამ ძალიან არ დავაგვიანეთ, სანამ მკვლელი დუმილი ჩვენი სახელწიფოს უახლესი ისტორიის მთავარ გმირს წაგვართმევს, იქნებ შევძლოთ მკვლელი დუმილის დამარცხება... იმიტომ კი არა, რომ მთავარი გმირი ამას იმსახურებს, არა, ჩვენ ვიმსახურებთ განჯადოებას მკვლელობისაგან. ჩვენ ვიმსახურებთ ჩვენი გაცრეცილი ბილიკის დაბრუნებას და ჩვენ ვიმსახურებთ კეთილი სიტყვის ძალის დაბრუნებას...


„არა კაც კლაო“- ხომ გვითხრა ღმერთმა? ჰოდა, იქნებ ამ წლების მანძილზე ჩვენს მხრებზე დატვირთული ბოროტება, რომელიც ჩვენი მკვლელი დუმილის გამო ვიტვირთეთ, მოვინანიოთ. „არა კაც კლაო“ ხომ იმ ათ მთავარ წესშია, რომელიც ღმერთმა თქვა შეასრულეთო? იქნებ, ჩვენი უახლესი ისტორიის გმირი ცოცხლად ჩავაბაროთ ისტორიას და ამით გავაძლიეროთ ჩვენი კეთლი სიტყვის ძალა და ხმაც დავიბრუნოთ?

განჯადოების დრო დადგა ახლა, მაშინ, როდესაც მთელს დედამიწაზე ჯადოსნობის კეთლი სული ტრიალებს.


დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა....

მეექვსე მცნება - „არა კაც კლა „


აქამდე დუმილი ჩემთვის სიკვდილთან და შიშთან ბრძოლის იარაღი იყო და ამასობაში მკვლელად ვაქციეთ.


852 views0 comments

Comments


  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page