top of page
Writer's pictureNini Chachia

განდის 7 მომაკვდინებელი ცოდვა და ბედნიერი ცხოვრების 7 წესი


,,ნუ დაკარგავ კაცობრიობის რწმენას. კაცობრიობა ოკეანეს ჰგავს და მთელს ოკეანეს რამდენიმე ბინძური წვეთი ვერ დააბინძურებს.“ - მაჰათმა განდი


არაძალადობის საერთაშორისო დღე აღინიშნება 2 ოქტომბერს, ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერის, არაძალადობრივი ფილოსოფიისა და სტრატეგიის პიონერის, მაჰათმა განდის დაბადების დღეს. არაძალადობრივი მოქმედების პრინციპი - ასევე ცნობილი როგორც არაძალადობრივი წინააღმდეგობა - უარყოფს ფიზიკური ძალადობის გამოყენებას სოციალური ან პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად.


პროფესორი ჯინ შარპი, წამყვანი მკვლევარი არაძალადობრივი წინააღმდეგობის შესახებ, თავის პუბლიკაციაში იყენებს შემდეგ განმარტებას:”არაძალადობრივი მოქმედება არის ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ადამიანები, რომლებიც უარყოფენ პასიურობასა და მორჩილებას, და რომლებიც ბრძოლას არსებითად თვლიან, შეძლებენ კონფლიქტის წარმოებას ძალადობის გარეშე. არაძალადობრივი მოქმედება არ არის კონფლიქტის თავიდან აცილების ან იგნორირების მცდელობა. ეს არის ერთი პასუხი პრობლემაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ეფექტურად პოლიტიკაში, განსაკუთრებით როგორ უნდა მოახდინონ ძალაუფლების ეფექტურად გამოყენება ”.


მაჰათმა განდის ფილოსოფია სრულიად ეფუძნება არაძალადობრივ მიდგომას. ამიტომ, დღეს მაჰათმა განდის კაცობრიობის შთაგონების 7 წესი და 7 მომაკვდინებელი ცოდვა მინდა რომ განვიხილოთ. ვფიქრობ ამ საკითხების განხილვა არა მხოლოდ არაძალადობრივი ფილოსოფიის განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ თითოეული ადამიანს, რომელიც ამ წესებს მიიღებს, ჰარმონიაულ ტრანსფორმაციაში დაეხმარება.


მაშ ასე, განდის 7 მომაკვდინებელი ცოდვა:


1. სიმდიდრე შრომის გარეშე;

2. სიამოვნება სინდისის გარეშე;

3. მეცნიერება ადამიანურობის (ჰუმანურობის) გარეშე;

4. ცოდნა მორალურობის გარეშე;

5. პოლიტიკა პრინციპის გარეშე;

6. ვაჭრობა სინდისის გარეშე;

7. თაყვანისცემა თავის შეწირვის გარეშე.


განდის ფილოსოფიის თანახმად ცნებები - სიმდიდრე, სიამოვნება, მეცნიერება, ცოდნა და თაყვანისცემა, რაიმე წესებს არ ექვემდებარებიან, განდის ფილოსოფია გვაფრთხილებს, არ გამოვიყენოთ ისინი ბოროტად. განდი ცხოვრების ბალანსის მნიშნელობას უსვავს ხაზს თავის ფილოსოფიაში - სიმდიდრე უნდა მოიპოვო შრომით; სიამოვნება უნდა მიიღოპასუხისმგებლობით; მეცნიერებამ უნდა გაითვალისწინოს ინდივიდების გრძნობები და ბედი, პოლიტიკა კი პრინციპების მიხედვით უნდა წარიმართოს.

ფილოსოფოსი თვლიდა, რომ თუ თქვენ ყურადღებას გაამახვილებთ ადამიანებში არსებულ სიკეთეზე, მაშინ თქვენი ცხოვრება ბევრად უფრო სასიამოვნო და პოზიტიური გახდება. ყოველივე ამის შემდეგ, კარგი ადამიანებისგან შემდგარი სამყაროს დანახვა გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე საკუთარი თავის რეალიზება ცოდვებითა და ცუდი მიდრეკილებებით დატვირთულ ადამიანთა საზოგადოებაში.


ახალა კი ჰარმონიული, წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების 7 წესი განვიხილოთ, რომელსაც მაჰათმა განდი გვთავაზობს:


1. ,,თქვენ თავად უნდა გახდეთ ცვლილება, რომლის დანახვაც გსურთ გარემოში (სამყაროში).“


ადამიანი თავისი ფიქრების ნაყოფია, რასაც ფიქრობს, როგორც აზროვნებს, ისეთი ხდება, იმიტომ, რომ ადამიანი ამ დიდი სამყაროს შემადგენელი ნაწილია და დეტალის შეცვლა ავტომატურად ცვლის მთლიანსაც.

თუკი შეიცვლით აზრებს, შეიცვლება თქვენი გრძნობები და თქვენი ქმედებები. თუკი შეიცვლება თქვენი აზრები, გრძნობები და ქმედებები, შეიცვლებით თქვენც და თუკი თქვენ შეიცვლებით, შეიცვლება სამყაროც.

ასე, რომ თუკი არ მოგწონთ სამყარო, შეცვალეთ, საკუთარი თავი!


2. ,,ვერავინ მოგაყენებთ ტკივილს, თქვენი ნებართვის გარეშე.“


სამყაროში არ არსებობს ნეგატიური და პოზიტიური მოცემულობები, ფაქტები, არსებობს მხოლოდ ნეგატიური და პოზიტიური ინტერპერაციები. ინტერპრეტაციები კი მხოლოდ თქვენი რეაქციებია და რა რეაქცია გექნებათ კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით, ყოველთვის თქვენზეა დამოკიდებული. შესაძლოა არსებობდეს ერთგვარი ზოგადი წესი, საზოგადოებაში მიღებული ნორმა, თუ რა უნდა ვიგრძნოთ ამა თუ იმ სიტუაციაში, თუმცა თქვენ გაქვთ არჩევანი თუ როგორი დამოკიდებულება გინდათ გქონდეთ. თუკი ამ არჩევანს გააცნობიერებთ, გარემო უკვე ვეღარ ახდებს ზეგავლებას თქვენზე და უკვე იაზრებთ, იღებთ, ხვდებით ამ გამოთქმის არსსაც – ,,გინდა ბედნიერი იყოს? იყავი!“. აკონტროლეთ საკუთარი ინტერპერაციები.


3. ,,თვალი თვალის წილ – მთელს სამყაროს დაბრმავებამდე მიიყვანს.“


ძალადობას ძალადობით ვერასოდეს დაამარცხებთ. გახსოვდეთ, რომ ნეგატიური მოვლენების დამახსოვრება, ისევ თქვენ გწამლავთ და თქვენ გვნებთ. ,,თქვენ არ ისჯებით სიბრაზისთვის, თქვენ ისჯებით სიბრაზით”… გარდა ამისა, თუკი მოახერხეთ და იძიეთ შური… მიზეზი ქმედებას არ ამართლებს… თქვენც ბოროტების შემოქმედი ხდებით…. ,,სხვისი ქმედებები სხვისი კარმაა, ამ ქმედებებზე თქვენი რეაგირება კი – თქვენი“… - აპატიეთ!


4. ,,ერთი წვეთი პრაქტიკა ზღვა თეორიაზე მეტად ღირებულია.“


სხვა სხვის ომში ბრძენიაო, გაგიგიათ ალბათ. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით მქადაგებლად ქცეულ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი ცოდნის გამოყენება არ ძალუძთ. ცოდნას კი მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუკი ცხოვრებაში ვიყენებთ. ასე რომ იმოქმედეთ! ვინც არ მოქმედებს, წინაც ვერ მიდის!


5. „ჯერ გაიგნორებენ, მერე დაგცინიან, მერე გებრძვიან, მერე იმარჯვებ.“


იყავი შეუპოვარი, მიზანმიმართული. ნელ-ნელა ყველა წინააღმდეგობა გაქრება და გზიდან ჩამოგეცლება. ერთადერთი, რამაც შეიძლება შენი შეჩერება მოახერხოს თვითსაბოტაჟია. გაბედე და ნუ მისცემ შიშს უფლებას მიზნისკენ მიმავალი გზიდან გადაგახვევინოს. აკეთე ის, რის კეთებაც ყველაზე მეტად გინდა და თან არასოდეს დანებდე. იმათ, ვინც ნებდება წარმოდგენაც არ აქვთ რა ახლოს იყვნენ მიზანთან და მერე იმედგაცრუებულები ცდილობენ შენც გული გაგიტეხონ, რადგან არ სურთ მიაღწიო იმას, რაც თავად ვერ მოახერხეს. არასოდეს შეწყვიტო ბრძოლა, არასოდეს! უდიდესი ძლიერება – მტკიცე ნებისყოფაა და არა ფიზიკური ძლიერება.


6. ,,ბედნიერი და თავისუფალი მაშინ ხარ, როცა რასაც ფიქრობ, რასაც ამბობ და რასაც აკეთებ ერთმანეთთან ჰარმონიაშია“.


შენ ხარ შენი ფიქრების, ემოციების, სურვილების და არჩევანის ერთობლიობა, თუკი ამ ყველაფრის მართვა და ერთმანეთთან ჰარმონიაში მოყვანა შეგიძლია, მაშინ ხარ ჭეშმარიტად ,,თავის უფალი“. თავისუფლება კი ყველაზე დიდი ადამიანური ღირებულებაა.


7. ,,ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კანონი – მუდმივი განვითარებაა, ის ვინც საკუთარ დოგმებში გამომწყვდეული ცხოვრობს და გონების გახსნა არ სურს, არასწორად ცხოვრობს.“


ყველაზე დიდი შეცდომაა იფიქრო, რომ რაც იცი, ის ჭეშმარიტებაა. სამყარო ცოცხალია, განვითარებადია და ცვლილებები გარდაუვალია. არასოდეს შეწყვიტო განვითარება, იყავი ღია ახალი იდეების, ახალ ცოდნის მიმართ. ნუ მისცემ საშუალებას შენში არსებულ რწმენებს არ მოგცეს საგნების ახლებურად აღქმის შესაძლებლობა.

Comments


  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page